ჩხუბი ტორპედოს მოედანზე

ქუთაისის ტორპედო 18 300 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქუთაისის ტორპედო 18 300 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. ჯარიმა 800 ლარის ოდენობით თბილისის დინამოსაც დაეკისრა.

”სადისციპლინო საკითხთა კომიტეტმა განიხილა ქუთაისის  ტორპედოსა  და თბილისის დინამოს შორის გუშინ გამართული მატჩი და დაადგინა: სადისციპლინო კოდექსის 105-ე,  106-ე 113 -ე , 114 -ე და 115-ე  მუხლების დარღვევისთვის  საფეხბურთო კლუბ ტორპედოს  განესაზღვროს ფულადი ჯარიმა 18 300 ლარის ოდენობით, ხუთ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს (საფეხბურთო კლუბი  ტორპედო საშინაო მატჩებს ნეიტრალურ სტადიონზე გამართავს)  და  ტექნიკური წაგება 0:3 ანგარიშით დინამო თბილისის სასარგებლოდ.

საფეხბურთო კლუბი  დინამო  800 ლარის ოდენობით დაჯარიმდა,  დინამოელთა გულშემატკივრების მიერ ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სკამების დამტვრევისა და მოედანზე გადმოყრის გამო”,-აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ტორპედოს და დინამოს შორის მატჩი მასობრივი ჩხუბის გამო ჩაიშალა.  საქართველოს ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩი შეხვედრის მე-60 წუთზე შეწყდა. ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრები სტადიონზე შეიჭრნენ და თბილისის დინამოს ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ. მათი შეჩერება პოლიციამ ვერ შეძლო. ინციდენტის შედეგად ფეხბურთის მატჩიც ჩაიშალა. მე-60 წუთისთვის, დინამო ტორპედოს პაპუნაშვილისა და მერებაშვილის გოლების წყალობით, ანგარიშით - 2:0 ამარცხებდა.

აღნიშნულის გამო, პოლიციამ 16 გულშემატკივარი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ტორპედოს გულშემატკივრები 100-დან 500 ლარამდე დააჯარიმა.

 

 

კომენტარები