საკონსტიტუციო ცვლილებები

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დღეს პირველი სხდომა გამართა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დღეს პირველი სხდომა გამართა. კომისიის მიზანი კონსტიტუციონალიზმის საერთაშორისო და ქართული გამოცდილების გათვალისწინებით, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადებაა. კომისიის შემადგენლობაში უმრავლესობის წევრებთან ერთად, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც შედიან, ასევე სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის ექსპერტები.

საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ცნობილია, რომ შეიქმნა ხუთი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფები მუშაობას დაიწყებენ ადამიანის უფლებების დეცენტრალიზაციის საკითხებზე. ასევე, განსახილველ საკითხად დგას პოლიტიკურ ძალთა ბალანსის გადანაწილება სახელისუფლებო შტოებს შორის. მუშაობა დაიწყება ტერიტორიული მოწყობის საკითხზეც.

პარლამენტის თავმჯომარის განცხადებით, ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების კონკრეტული პროექტები არ გააჩნია, კონსტიტუციის ცვლილების საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო კომისია მიიღებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები შემდეგ შეხვედრებზე თავიანთ ინიციატივებს წარმოადგენენ.

საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იქნება სასამართლო ხელისუფლების გაძლიერება. აღნიშნულ საკითხში ჩართული არიან უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, ინიციატივები სახალხო დამცველსაც ექნება.

საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ინიციატივებზე შეფასებას აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთვება იმ სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც ადამიანის უფლებებს, სასამართლოსა და პროკურატურის საკითხებს განიხილავენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის მეორე სხდომა ორ კვირაში გაიმართება. კომისიამ მუშაობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დაასრულოს, შედეგები კი ვენეციის კომისიას უნდა გადაუგზავნოს.

კომენტარები