ვითარება უკრაინაში

Washington Post: გარკვევით თქვით, რა შედეგი ექნება რუსეთის უკრაინაში შეჭრას

The Washington Post უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და მის შედეგებს სარედაქციო წერილს უძღვნის. გამოცემა წერს, რომ ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტ ობამას გაფრთხილების -  არ განეხორციელებინა სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - ფეხქვეშ გასათელად, დღეზე ნაკლები დასჭირდა. 

„შაბათს, რუსეთის პრეზიდენტი მისი რეზინის შტამპიანი პარლამენტის ზედა პალატის მეშვეობით შეიჭრა არა მარტო ყირიმის ნახევარკუნძულზე - სადაც უკვე ათასობით რუსი ჯარისკაცია განლაგებული, არამედ მთელ უკრაინაში. შეერთებული შტატები რუსეთის რეჟიმის მიერ ცენტრალურ ევროპაში შეიარაღებული აგრესიის შიშველი აქტის მომსწრეა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს და მის მოკავშირეებს გამანადგურებელ სიგნალებს უგზავნის. ბატონმა ობამამ უნდა დაამტკიცოს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია.  ობამას პირველი გამოხმაურება მოვლენებისადმი პუტინთან 90 წუთიანი საუბარი იყო. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა რუსეთის მმართველს შესთავაზა უკრაინაში საკუთარი ინტერესების გასატარებლად მშვიდობიანი გზები გამოეყენებინა, მათ შორის რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად საერთაშორისო დამკვირვებლების გამოყენება და უკრაინის მთავრობასთან საერთაშორისო შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები.

ეს პუტინისთვის შეთავაზებული გონივრული გამოსავალი იყო იმ კრიზისიდან, რომელიც თავად პუტინმა გამოიწვია. თუმცა, ობამა მზად უნდა იყოს იმ რეალური შესაძლებლობისთვის, რომ პუტინი საერთაშორისო გამოხმაურებებს უგულვებელყოფს და საქართველოში შეჭრის მსგავსად, განაგრძობს თავის მოქმედებებს.

ობამა ბუნდოვანი იყო იმის შესახებ, თუ რა მოჰყვება რუსეთის მიერ აგრესიის გაგრძელებას. შაბათის განცხადებაში საუბარი იყო მხოლოდ სოჭში, დიდი 8-იანის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებში შეერთებული შტატების მონაწილეობის შესაძლო შეწყვეტაზე. საჭიროა, ობამამ მკაფიოდ დააფიქსიროს, რომ აგრესიის გაგრძელება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის ყველა ასპექტს სრულყოფილად დააზიანებს.
მსგავსი პოლიტიკის გატარება დაიწყება იმით, რომ ობამა სოჭის სამიტს არ დაესწრება და რუსეთთან სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებებს შეაჩერებს. ამერიკამ დიდი შვიდეულის შეხვედრა უნდა მოიწვიოს, ოღონდ რუსეთის გარეშე. პუტინმა მკაფიო მესიჯი უნდა მიიღოს, რომ ის ამიერიდან დემოკრატიული მსოფლიოდან განიდევნება.

ობამამ ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ თავს აღარ შეიკავებს რუსეთის ლიდერების და იმ ბიზნესების მიმართ სანქციების დაწესებისგან, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და აგრესიაში მონაწილეობენ. თეთრმა სახლმა დაუყოვნებლივ უნდა დაამტკიცოს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასულ წელს წარდგენილი რუსეთის ოფიციალური პირების გაფართოებული სია, რომელთა მიმართაც ვიზების უარყოფა და აქტივების გაყინვა მოხდება. უკრაინაში შეჭრაში მონაწილე რუსი ოფიციალური პირები, ასევე ყირიმში არსებული კომპანიები და ბანკები, უნდა გახდნენ ფინანსური სანქციების შემდეგი სამიზნე.

ყველაზე ძლიერი არასამხედრო ინსტრუმენტი, რომელსაც შეერთებული შტატები ფლობს, საბანკო სისტემიდან გარიცხვაა. ობამამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ თუ რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში უკან არ დაიხევს, მაშინ ის აღნიშნულ სანქციებს გამოიყენებს. ამას კი შესაძლოა რუსეთის ფინანსური სისტემის ჩაძირვა მოჰყვეს. საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, რუსეთის ეკონომიკა მჭიდროდ არის დამოკიდებული დასავლურ ვაჭრობასა და ინვესტიციებთან. კრემლისთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ უკრაინაში შეჭრა ამ ყველაფერს რისკის ქვეშ აყენებს.

დასავლეთში ბევრს არ სჯეროდა, რომ პუტინი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას გაბედავდა, რადგან მას წარმოუდგენელი პოტენციური შედეგები მოჰყვებოდა. რუსეთის მმართველის ასე ღრმად შეტოპვა გვაჩვენებს, რომ ის დასავლეთის ლიდერების ძალისმიერ გამოხმაურებას ეჭვქვეშ აყენებს. ასე რომ თუ რუსეთი სწრაფად არ დაიწყებს უკან დახევას, შეერთებულმა შტატებმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის ცდება" - წერს The Washington Post.

კომენტარები