კალაძე ნაციონალურ მოძრაობაზე

კალაძე: სააკაშვილი უკრაინის ტრაგედიაზე ცდილობს თავისი პიარის აგორებას

მოქალაქე სააკაშვილი ბედავს და უკრაინის ტრაგედიაზე ცდილობს თავისი პიარის აგორებას - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საზოგადოებისათვის სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, სააკაშვილის რეჟიმი ამომრჩეველმა და საზოგადოებამ იანუკოვიჩის მსგავსად უარყო და მათ გუნდებს საერთო ხელწერა აქვთ.

"ნაციონალური მოძრაობის პარტიის ლიდერი, მოქალაქე სააკაშვილი ბედავს და უკრაინის ტრაგედიაზე ცდილობს თავისი პიარის აგორებას. სააკაშვილი, რომლის რეჟიმი ზუსტად იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავსად უარყო საკუთარმა ამომრჩეველმა. მომხვეჭელობა, კანონის საკუთარ თავზე მორგება, სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი კომფორტის, კეთილდღეობის და დასვენების მოგვარება - ესაა სააკაშვილის და იანუკოვიჩის გუნდების საერთო ხელწერა და დანაშაული საკუთარი მოსახლეობის წინაშე", - განაცხადა მინისტრმა.

კალაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრების გამოსვლები სასაცილოდან, ქვეყნის პოლიტიკისათვის სახიფათო ფაზაში გადადის.

"ნაციონალური მოძრაობა თავისი ჩვეული, ისტერიული განცხადებებით ცდილობს ყურადღების მიქცევას, წარმოშობილი პრობლემის გაღრმავებას და დესტრუქციას. ნაციონალური მოძრაობის თვითპიარზე ორიენტირებული გამოსვლები სასაცილოს ფაზიდან უკვე გადავიდა იდიოტიზმის და ქვეყნის პოლიტიკისთვის სახიფათო სტადიაზე. ამ პარტიის წარმომადგენელი, ბატონი ვაშაძე ბედავს და სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ჯარი არ დგას. მცოცავი ოკუპაციის ფონზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, სიტუაციის მონიტორინგს საოკუპაციო ზონაში, უკრაინასა და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას", - აღნიშნავს კალაძე მიმართვაში.

კალაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის "ისტერიული მდგომარეობა", საქართველოს პრემიერმინისტრის აშშ-ში წარმატებული ვიზიტის შედეგია.

"მესმის, ნაციონალების ისტერიული მდგომარეობა ქვეყნის პრემიერის წარმატებული ვიზიტითაა განპირობებული, მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის ხელისუფლება ღიად გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ვიზიტი მიმდინარეობს ხაზგასმით წარმატებულად. შედეგები არის უკვე თვალსაჩინო და შორს მიმავალი", - აცხადებს ვიცეპრემიერი.

ამასთან ერთად, კახა კალაძე ნაციონალური მოძრაობის წევრებს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული პირების ოჯახებისთვის ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდებს. 

"მინდა მოვთხოვო ნაციონალების პარტიის ოფისს, გამობრძანდნენ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ იძულებით გადაადგილებულ პირის, ყველა იმ ოჯახს, რომლის წევრიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მავთულხლართების ორივე მხარეს ყოველდღიურად ოცნებობს ერთიან დეოკუპირებულ ქვეყანაზე", - განაცხადა კალაძემ. 

კომენტარები