აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენებს ელიოტ ენგელსს და ედ როის შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენებს -  ელიოტ ენგელსს და ედ როის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, რომლებიც ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას უკავშირდება.

"ამერიკულმა მხარემ შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა კონგრესმენებს მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ამგვარ თანადგომას ძალიან აფასებს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს" - აცხადებს საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 თებერვალს გაემგზავრა. ოფიციალური შეხვედრები 1-ელ მარტამდე გაგრძელდება. საქართველოს პრემიერმინისტრმა შეხვედრები უკვე გამართა თეთრ სახლში. ირაკლი ღარიბაშვილი შეერთებული შტატების  პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ვიცეპრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი სიტყვით გამოვიდა ატლანტიკურ საბჭოში.

კომენტარები