შეტაკებები კიევში

სააკაშვილი: დათო ყიფიანი კიევში იბრძოდა უკრაინისთვის და ე.ი. საქართველოსთვის

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საშუალებით გამოეხმაურა კიევში, ევრომაიდანზე საქართველოს მოქალაქის, დავით ყიფიანის მოკვლის ფაქტს.

"კიევში ორი ტყვიით მოკლეს დათო ყიფიანი, საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა. რისთვის იყო ის უკრაინაში? უკრაინის მტრები ამბობენ, რომ დათოსნაირი ბიჭები დაქირავებულები არიან. დეკემბერში, კიევში ყოფნისას მე ვნახე დათო და მისი თანამებრძოლები, თავი უხერხულად ვიგრძენი, რომ მათ მატერიალურად ვერ ვეხმარებოდი. ისინი თავისი კაპიკ-კაპიკ ნაგროვები ფულით ჩავიდნენ კიევში და დიდ ხელმოკლეობას განიცდიდნენ.

დათო იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრობის" წევრი, მაგრამ იქ არ ყოფილა პარტიული ან რაიმე სხვა პოლიტიკური ინტერესებისათვის. ბევრი კითხვას სვამს თუ რას აკეთებენ ქართველები უკრაინაში, ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენი ბრძოლა, სინამდვილეში მაიდანზე, სადაც ჩვენ თვალწინ ხდება რუსეთის იმპერიის დასამარება, საქართველოს ბედი წყდება. სწორედ იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რატომ იყო დათო ყიფიანი უკრაინაში, უნდა გავიგოთ ის, თუ რატომ ჩამოდიოდნენ უკრაინელები საქართველოში.

დათომდე ცოტა ხნით ადრე დაღუპული იური ვერბიცკი უკრაინული პრესის ცნობით საქართველოს დასაცავად იბრძოდა აფხაზეთში. ყველამ, ვისაც აფხაზეთის ომი ახსოვს, იცის ისტორია რუსეთის სპეცრაზმის მიერ გარშემორტყმულ უკრაინელ მებრძოლებზე. უკრაინელები ხმამაღლა ყვიროდნენ "Грузины не сдаются" და ბოლო ტყვიამდე ებრძოდნენ მტერს. მაშინ, უკრაინელები იბძოდნენ საქართველოსთვის და ესე იგი უკრაინისთვის. დათო კიევში იბრძოდა უკრაინისთვის და ესე იგი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის და ესე იგი თავისუფლებისთვის!

დათოს პატარა შვილს, მამა ალბათ არ ემახსოვრება, მაგრამ ის გაიზრდება იმპერიისგან განთავისუფლებული უკრაინისა და საქართველოს პირობებში და ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებდა მაიდანზე. დათოს დაუპირეს ამ დროშის ხელიდან გამოგლეჯა, მან დროშა არ დახარა, ღირსება შეინარჩუნა და შემდეგ თავიც გაწირა, მაგრამ უკრაინული მაიდანიდან ის გამარჯვებული წავიდა", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე არეულობას 20 თებერვალს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, დათო ყიფიანი ემსხვერპლა. ის ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი ზონის აქტივისტი იყო.

თავისუფალი ზონის ცნობით, ყიფიანს სნაიპერის ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად კიევში 77 ადამიანია დაღუპული, თუმცა, მედიასაშუალებები ინფორმაციას 100-მდე დაღუპულის შესახებ ავრცელებენ.

კიევში 18 თებერვალს სპეცრაზმისა და აქტივისტების შეტაკების დროს საქართველოს მოქალაქე ზურაბ ხურცია გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის მოვლენათა ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩნდა და გულის შეტევით გარდაიცვალა. მას ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა.

კომენტარები