ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: ქუთაისის მოსამართლემ დიდი თეთრი ალამი აღმართა სასამართლოს თავზე

Reuters

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი 26 მაისის საქმის განხილვაზე ქუთაისის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა. მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ზეწოლას გაუძლებს.

"მინდა გამოვეხმაურო ქუთაისის სასამართლოს მიერ ჩემს საწინააღმდეგოდ გამოტანილ განაჩენს. მე თავიდანვე ვუმტკიცებდი ადვოკატებს, რომ ქუთაისის სასამართლოში ჩემი დაცვის ნებისმიერი მცდელობა უაზრობა იყო. გუშინ ქუთაისის მოსამართლემ დიდი თეთრი ალამი აღმართა სასამართლოს თავზე. ამ ფონზე დღეს მე ვიმყოფები თბილისის საქალაქო სასამართლოში. საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის აზრი, რომ ეს სასამართლო გარკვეულწილად მაინც ინარჩუნებს დამოუკიდებლობას. თქვენ ღმერთმა გარგუნათ ეს ტესტი, რომ ზეწოლას გაუძლოთ. იმედი მაქვს, რომ ადვოკატებს მიეცემათ საშუალება დაასაბუთონ ჩემი უდანაშაულობა. იმედი მაქვს, საქართველოში დარჩა თუნდაც ერთი შენობა, რომელიც ივანიშვილის საკუთრება ჯერ არ გამხდარა", -  განაცხადა მერაბიშვილმა

აღნიშნული მიმართვის შემდეგ მოსამართლემ ყოფილ პრემიერს უპასუხა და აღნიშნა, რომ სასამართლო ზეწოლას არ განიცდის.

გუშინ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. ამნისტიისა და შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მერაბიშვილს მიესაჯა პატიმრობა 5 წლის ვადით.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ზურაბ ჭიაბერაშვილი და ჯარიმის სახით დააკისრა 50 000 ლარის გადახდა. მოსამართლამ ჭიაბერაშვილისთვის წაყენებული ბრალდება გადააკვალიფიცირა სამსახურებრივ გულგრილობად. ბრალდება ჭიაბერაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 164 1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებოდა. მათ ბრალი ედებოდათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

საქმის მასალებით, მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გამოიყენეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დასაფინანსებლად, რომლებიც პარტიის სასარგებლო აგიტაციაში მონაწილეობდნენ, ფულს კი ბიუჯეტიდან იღებდნენ.

კომენტარები