ვანო მერაბიშვილის საქმე

უგულავა: დღევანდელ გადაწყვეტილებას ივანიშვილის მერაბიშვილზე შურისძიება ჰქვია

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას შეფასებით, ქუთაისის სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენი მართლმსაჯულების სირცხვილია. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილზე შური იძია. უგულავას განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება "პირადად ივანიშვილს და მის ხელდასმულ მარიონეტულ მთავრობას" ბუმერანგივით დაუბრუნდება.

"ამას მართლმსაჯულებასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. ამას მარტივ ქართულ ენაზე ჰქვია შურისძიება. ივანიშვილმა იძია შური მერაბიშვილზე. როდესაც მერაბიშვილს ასამართლებენ რაღაც ბინის რემონტის გამო, ეს უბრალოდ სირცხვილია. ეს არის სირცხვილი ქვეყნის, მთავრობის და პირადად ივანიშვილის. ჩვენ გვახსოვს წინასაარჩევნოდ ხმამაღალი საუბრები კაციჭამიობასთან დაკავშირებით და მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ დღეს მერაბიშვილი გაასამართლეს კვარიათის ბინის გარემონტებაზე და ასეთი უზნეობა პირადად ივანიშვილს და მის ხელდასმულ მარიონეტულ მთავრობას ბუმერანგივით დაუბრუნდება“, - თქვა უგულავამ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. ამნისტიისა და შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მერაბიშვილს მიესაჯა პატიმრობა 5 წლის ვადით.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ზურაბ ჭიაბერაშვილი და ჯარიმის სახით დააკისრა 50 000 ლარის გადახდა. მოსამართლამ ჭიაბერაშვილისთვის წაყენებული ბრალდება გადააკვალიფიცირა სამსახურებრივ გულგრილობად. ბრალდება ჭიაბერაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 164 1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებოდა. მათ ბრალი ედებოდათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

საქმის მასალებით, მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გამოიყენეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დასაფინანსებლად, რომლებიც პარტიის სასარგებლო აგიტაციაში მონაწილეობდნენ, ფულს კი ბიუჯეტიდან იღებდნენ.

კომენტარები