ვანო მერაბიშვილის საქმე

ჭიაბერაშვილი: სასამართლოზე ზეწოლამ შედეგი გამოიღო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლამ სასამართლოზე შედეგი გამოიღო. მისივე თქმით, ის და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ბრძოლას გააგრძელებენ. 

"ქუთაისის სასამართლო მიჩნეული იყო დაბალ ღობედ, სადაც ვანო მერაბიშვილისთვის ჯერ გარანტირებული ჰქონდათ წინასწარი პატიმრობა. ახლა კი, გამამტყუნებელი განაჩენი. მე თავს უდანაშაულოდ ვთვლი და ასევე მიმაჩნია, რომ არც ვანო მერაბიშვილის მიმართ არ დასტურდება ის განაჩენი, რომელიც დღეს მოსამართლემ გამოაცხადა. ჩვენ ვიცოდით და ვამბობდით, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო ძალიან დიდი ზეწოლა სასამართლოზე და, ბუნებრივია, ამ ზეწოლამ შედეგი გამოიღო. პრაქტიკულად, წინასწარ ვიცოდით, რომ ეს შედეგი დადგებოდა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა და დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა. ამიტომ აუცილებლად გავასაჩივრებთ განაჩენს, როგორც ვანო მერაბიშვილის, ისე ჩემს ნაწილში. ამავდროულად, ჩვენ სტრასბურგში გავასაჩივრეთ  წინასწარი პატიმრობა და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. ამნისტიისა და შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მერაბიშვილს მიესაჯა პატიმრობა 5 წლის ვადით.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ზურაბ ჭიაბერაშვილი და ჯარიმის სახით დააკისრა 50 000 ლარის გადახდა. მოსამართლამ ჭიაბერაშვილისთვის წაყენებული ბრალდება გადააკვალიფიცირა სამსახურებრივ გულგრილობად. ბრალდება ჭიაბერაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 164 1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებოდა. მათ ბრალი ედებოდათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

საქმის მასალებით, მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გამოიყენეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დასაფინანსებლად, რომლებიც პარტიის სასარგებლო აგიტაციაში მონაწილეობდნენ, ფულს კი ბიუჯეტიდან იღებდნენ.

კომენტარები