ბერლინის კინოფესტივალი 2014

ბერლინის კინოფესტივალის გამარჯვებული ”შავი ქვანახშირი, თხელი ყინული” გახდა

screendaily.com

ბერლინის კინოფესტივალზე მთავარი პრიზის, ოქროს დათვის, მფლობელი ჩინური ნამუშევარი ”შავი ქვანახშირი, თხელი ყინული” გახდა.

იანან დიაოს ნამუშევარი ერთ-ერთი იყო იმ სამი ჩინური ფილმიდან, რომელიც წელს ბერლინის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ”შავი ქვანახშირი, თხელი ყინული” კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა, მთავარი როლის შემსრულებელი ლიაო ფანი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის განკუთვნილ ჯილდოს დაეუფლა.

ჟიურის გრანპრი და ვერცხლის დათვი უეს ანდერსონმა ახალი ფილმისთვის ”სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” მოიპოვა.

საუკეთესო რეჟისორი რიჩარდ ლინკლეიტერი გახდა. ”სიყრმე” რეჟისორის მრავალწლიანი პროექტია, რომელიც ბიჭის, მეისონის, ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ელარ კოლტრეინი 7 წლის იყო, როდესაც ლინკლეიტერმა ფილმის გადაღება დაიწყო და 18 წლის, როდესაც მასზე მუშაობა დაასრულა.  

ბერლინის 64-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი სცენარისტი და პროდიუსერი ჯეიმს შამუსი იყო. მის გარდა, ჟიურის შემადგენლობაში მიშელ გონდრი, ტონი ლონგი, გრეტა გერვიგი, კრისტოფ ვალცი, ბარბარა ბროკოლი, მიტრა ფარაჰანი შედიოდნენ.  

კომენტარები