გამგებლის დაკავება

ზურაბ ჯაფარიძე: მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვს. დეპუტატმა განცხადება ნაციონალური მოძრაობის ოფისში გააკეთა. ჯაფარიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციების წევრებზე ზეწოლა დაიწყო. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ამის მაგალითად, დუშეთისა და ხონის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრების დაკავებას ასახელებს. ჯაფარიძეს სურს მიიღოს ინფორმაცია თეა წულუკიანისგან, თუ რატომ აკავებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

„ჩვენ მოვითხოვთ შეხვედრას იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან, რომელიც ამავე დროს არის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ ახსნა-განმარტება თუ რატომ ხელმძღვანელობს პროკურატურა ორმაგი სტანდარტებით. ასევე, რატომ ითხოვს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარ პატიმრობას, როდესაც საქმე ეხება შესაძლო სამოხელეო დანაშაულს. თვეების განმავლობაში პროკურატურის წარმომადგენლები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ეგრეთ წოდებული თეთრი საყელოს ტიპის დანაშაულებზე წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა არ მოხდებოდა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დეპუტატის მოთხოვნას თეა წულუკიანმა უკვე უპასუხა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროში შეხვედრის მოთხოვნასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების შესვლისთანავე, მზად არის მოლაპარაკება გამართოს უმცირესობის წარმომადგენლებთან.

„პირადად მე ეს მოთხოვნა ოფიციალურად ჯერ არ მიმიღია, მედიის მეშვეობით შევიტყვე. მიმართვას როდესაც მივიღებ, სერიოზულად შევისწავლი. იუსტიციის სამინისტროში წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს უწყებათაშორისი საბჭო. ახლა მოქმედი არ არის კანონით დადგენილი წესით და როგორც კი არჩევნები გამოცხადდება, ამოქმედდება. თუმცა, შუალედურ პერიოდში არაფერი მიშლის ხელს, რომ როდესაც მომმართავენ და შეხვედრას ითხოვენ, მომართვის ავტორებს შევხვდე“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, 10 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ბრალდებით დააკავა.

გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე აიყვანა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები