გამგებლის დაკავება

ენმ: დაკავებული ჯიბუხაია და ოტიაშვილი პრაიმერიში იღებდნენ მონაწილეობას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესს ქართულმა ოცნებამ სამართალდამცავი ორგანოები და ადგილობრივი ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა დაუპირისპირა. საპარლამენტო ოპოზიცია აღნიშნავს, რომ ამაში მონაწილეობენ ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული.

 "ჩვენ ჯერ კიდევ ცხრა თვის წინ ვსაუბრობდით, რომ ეს მოსამართლეები ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდნენ, როცა განიხილავდნენ ვანო მერაბიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს. მაშინ ხელისუფლებამ საქმე ხელოვნურად გადაიტანა ქუთაისში, რადგან მათ ჰქონდათ წინასწარი პატიმრობის შეფარდების გარანტია. გუშინ იმავე ახალბედაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ხონის რაიონის გამგებელს ზურაბ ჯიბუხაიას და გამგებილს მოადგილეს მერაბ ჭელიძეს. ბრალდება სრულიად აბსურდულია, ეხება ოთხი წლის წინ 12 ათასი ლარის ღირებულების შეშის დარიგებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ბრალდების შინაარსიდანაც ნათლად ჩანს, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორება. პარალელურად, იმავე დღეს დააკავეს დუშეთის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის ახლადარჩეული მოადგილე, ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიციის თავმჯდომარე ზურაბ ოტიაშვილი. მას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე პარლამენტის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი დაემუქრა, რომ შეუქმნიდა პრობლემებს, თუ თავს არ დაანებებდა ნაციონალური მოძრაობის სახელით აქტივობებს. აქვე შეგახსენებთ, გასულ წელს არჩილ კბილაშვილმა განაცხადა პროკურატურის ახალი სტანდარტის შესახებ, რომ ე.წ. თეთრი საყელოს დანაშაულებთან (სამოხელეო და ფინანსური) დაკავშირებით პროკურატურა აღარ მოითხოვდა წინასწარ პატიმრობას. ეს განცხადება არაერთხელ გაიმეორა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა. მიუხედავად ამისა, მაინც მოითხოვეს წინასწარი პატიმრობა, რაც სასამართლომაც დაუკმაყოფილა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მიზანი იყო არა დანაშაულზე რეაგირება, არამედ პოლიტიკური დევნა", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობა. 

პარტია აღნიშნავს, რომ ხონის მოქმედი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი იღებდნენ მონაწილეობას პრაიმერიში და, დიდი ალბათობით, სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ხონის და დუშეთის რაიონების გამგებლის არჩევნებში.

"ამასთან, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ თითქმის ყველა რაიონში დაიწყო ანალოგიური პროცესები, როდესაც ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ლიდერების მიმართ მასობრივად დაიწყეს გამოძიებები და საქმე წყდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეწყეტდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას. ნათელია, რომ გრძელდება ხელისუფლების კამპანია მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურების მიზნით, ამ ამოცანის თაობაზე არაერთხელ ღიად განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და სულ ცოტა ხნის წინ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მოვუწოდებთ ყველა მოსამართლეს, არ გახდნენ ამ პოლიტიკური კამპანიის ინსტრუმენტი", - ნათქვამია საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებაში.

ცნობისთვის, 10 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ბრალდებით დააკავა.

გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე აიყვანა.

კომენტარები