გამგებლის დაკავება

არასამთავრობოები: არჩევნების წინ ენმ-ს წევრთა დაკავება კითხვის ნიშნებს აჩენს

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნების წინ სამართალდამცავმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი ოპოზიციური პარტიის წევრების დაკავებისგან, თუ ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. არასამთავრობოებმა ხონის გამგებლის ზურაბ ჯიბუხაიას და მისი მოადგილის ბესარიონ ჭელიძის, ასევე, დუშეთის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ ოტიაშვილის დაკავებაზე სპეციალური განცხადება გაავრცელეს. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ მათი დაკავება ხელს შეუშლის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, სათანადოდ აწარმოოს წინაასაარჩევნო კამპანია. მათი შეფასებით, ამგვარმა ქმედებებმა შესაძლოა, გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინოს საარჩევნო გარემოს სამართლიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, არასამთავრობოების განცხადებით, სასურველია, მთავრობამ უკვე დაიწყოს ფიქრი უწყებათშორისი კომისიის შექმნაზე. მათი თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრთა დაკავება კიდევ ერთხელ აჩენს ამგვარი კომისიის შექმნის აუცილებლობას, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც.

"ზურაბ ჯიბუხაიას და ბესარიონ ჭელიძეს ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მითვისება და გაფლანგვა), 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმე ეხება 4 წლის წინ ფინანსური პოლიციის მიერ ჩამორთმეულ უკანონოდ მოჭრილ ხე-ტყეს, რომელიც ოფიციალურად გადაეცა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ხე-ტყე სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაცვლად, საამქროებს გადასცეს. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის, მე-12 ქვეპუნქტის შესაბამისად ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე. პროკურატურამ ვერ დაასაბუთა ვერც ერთი ზემოხსენებული საფრთხის არსებობის ფაქტი. ამის მიუხედავად, 12 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ზურაბ ჯიბუხაიას და ბესარიონ ჭელიძეს.

ხონის გამგეობა არის ერთ-ერთი იმ სამი გამგეობიდან, რომელშიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გამგებელი დარჩა. ორ მათგანზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ზურაბ ჯიბუხაია თვითმმართველობის არჩევნებზე გამგებლის პოსტზე პარტიის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება გამორიცხავს მათ უშუალო და აქტიური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას წინასაარჩევნო კამპანიაში" - აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ ოტიაშვილის საქმე არ შეუსწავლიათ, თუმცა "ზურაბ ჯიბუხაიას და ბესარიონ ჭელიძის მსგავსად, დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაკავება ხელს არ შეუწყობს ერთიან ნაციონალური მოძრაობას, სათანადოდ აწარმოოს წინაასაარჩევნო კამპანია".

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა.

"თუმცა, ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიის აქტიური წევრების დაკავება რამდენიმე წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის და სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს. ყოველივეს კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად განაცხადა მისი სურვილის შესახებ ე.წ. თეთრი საყელოს დანაშაულების მიმართ განსაკუთრებული მიდგომის თაობაზე, კერძოდ, პროკურატურა ამ ტიპის დანაშაულების ჩამდენ პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების განსაკუთრებული წესით გამოყენებაზე საუბრობდა. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნა ნამდვილად არ ასრულებდა აღნიშნულ სულისკვეთებას" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონტორინგის ცენტრი (EMC), საია, საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სიდა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

ცნობისთვის, 10 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ბრალდებით დააკავა.

გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე აიყვანა. მათ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რაიონული ორგანიზაციის წევრებზე პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. მათ სურთ მიიღონ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრისგან, თუ რატომ აკავებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს და თეა წულუკიანთან შეხვედრას მოთხოვენ.

კომენტარები