სოჭი 2014

ზურაბიშვილი: დე ფაქტო ლიდერების სამთავრობო ლოჟაში ყოფნა პროტესტს იმსახურებს

დავით ზურაბიშვილი
commersant.ge

სოჭის ოლიმპიადაზე თიბილოვისა და ანქვაბის სამთავრობო ლოჟაში გამოჩენა, ქართული მხარისგან მკვეთრ პროტესტს იმსახურებს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, თუ თიბილოვი და ანქვაბი ნამდვილად იმყოფებოდნენ სამთავრობო ლოჟაში, ეს რუსეთის მხრიდან აშკარა, პირდაპირი არამეგობრული ჟესტია და ქართული მხარის მიერ ამის უყურადღებოდ დატოვება უცნაურია.

”თუ თიბილოვი და ანქვაბი ნამდვილად იმყოფებოდნენ სამთავრობო ლოჟაში, ეს ნამდვილად უნდა იმსახურებდეს ყურადღებას და მკვეთრ პროტესტს ქართული სახელმწიფოს მხრიდან, ამაში ჩემთვის ორი აზრი არ არის. მათი სამთავრობო ლოჟაში გამოჩენა ეს რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი, პირდაპირი არამეგობრული ჟესტია და ამის უყურადღებოდ დატოვება ჩემთვის ცოტა უცნაურია. თუ ეს ფოტოები ნამდვილი არ არის და უბრალოდ იქ ისე ჩავიდნენ და დადიან სოჭში, მაშინ ეს საინტერესო არ არის”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადაზე გადაღებული ფოტო გავრცელდა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტები ლეონიდ თიბილოვი და ალექსანდრ ანქვაბი სამთავრობო ლოჟაში სხედან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ლიდერების სოჭის ოლიმპიადაზე გამოჩენა ოფიციალურ რეაქციას არ იმსახურებს.

“ქართული მხარის პოზიცია არის ასეთი - სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს რუკა არის მთლიანი, ისეთი, როგორიც უნდა იყოს და აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას. სტუმართა სიაში არ ყოფილან დე ფაქტო ლიდერები - არავინ, ვინც იქ არ უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, დანარჩენი გამოვლინება - მათი იქ გამოჩენა, მათი დროშების გამოჩენა, თუ მაისურებით სხვადასხვა გზავნილის გაშვება სოჭის ოლიმპიადის მონაწილეებისთვის, არ იმსახურებს ოფიციალურ რეაქციას და გთხოვთ, თქვენც ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

 

კომენტარები