ქრთამის აღება

შსს-მ ქრთამის აღების ბრალდებით, ყვარლის გამგებლის მოადგილე დააკავა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, ყვარლის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ადომლიშვილი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ოთარ ადომლიშვილმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას და თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდებარე 711 931 კვ.მ მიწის ფართობის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აუქციონზე გატანის, მასში გამარჯვების და ქონებაზე ხელოვნურად ფასის დაკლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 50 000 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ორი დღის წინ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი და შპს "ბასა + 2008"-ის დირექტორი გიორგი ბასაძიშვილი დააკავა. 

გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე აიყვანა.

აღნიშნული ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წინააღმდეგ რეპრესიების მორიგ ეტაპად შეაფასა. 

კომენტარები