კეზერაშვილის საქმე

ღარიბაშვილი კეზერაშვილის ექსტრადირებაზე: პროკურატურამ ყველა ღონე იხმარა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

კეზერაშვილს დროებით მიესაჯა შინაპატიმრობა, ეს არის საფრანგეთის დამოუკიდებელი სასამართლოს და მისი მოსამართლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

"სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომ კეზერაშვილი ამდენი ხნის განმავლობაში დაეტოვებინა პატიმრობაში და ახლაც ეს იყო დამოუკიდებელი მოსამართლის გადაწყვეტილება რომ მას დროებით მიესაჯა შინაპატიმრობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავარია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

"ჩემი ინფორმაციით პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ ყველა ღონე იხმარეს იმისათვის, რომ დაერწმუნებინათ საფრანგეთის სასამართლო და შესაბამისი უწყებები და მე ვიცი, რომ ჰქონდათ გაცვლა მთელი რიგი ინფორმაციების, მტკიცებულებების მათ შორის. აქედან გამომდინარე, ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს. კეზერაშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის ორ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. კეზერაშვილს პროკურატურა ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ედავება. იმედის და რიყის გასხვისების საქმეზე კი, კეზერაშვილი დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერთან გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ექს-ან პროვანსის სასამართლომ 3 თებერვალს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პატიმრობიდან გაათავისუფლა. საფრანგეთში, 30 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ფრანგმა პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ აუცილებელია, ქართულ მხარეს უარი ეთქვას დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. მისი თქმით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ კეზერაშვილი ყოფილი მაღალჩინოსანი და ნაციონალურ მოძრაობასთან განსაკუთრებით დაახლოებული პირია. ეს კი ეჭვს ბადებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე. პროცესზე თბილისიდან ჩასული პროკურორი ირაკლი დონდოლაძეც იმყოფებოდა. ის აცხადებდა, რომ აუცილებელია, კეზერაშვილი წარსდგეს ქართული სასამართლოს წინაშე და იქ გასცეს პასუხი კითხვებს. დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ იმის მოტივი, რომ ქართული მხარე დავით კეზერაშვილის ექსტრადირებას ითხოვს, პოლიტიკურია.

მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ 27 თებერვალს გახდება ცნობილი.

კომენტარები