პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ ვლადიმირ პუტინის მზაობაზე, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს, თქვა, რომ შეხვედრა გამორიცხული არ არის. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ პუტინის ტონალობა გარკვეულწილად შეცვლილია.
"ეს იყო პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ნორმალური ტონალობა ურთიერთობებში და დიპლომატიის ენა არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე აგრესიული რიტორიკა. მისასალმებელია ის, რომ თუნდაც მისი [პუტინის] ტონალობა არის, გარკვეულწილად, შეცვლილი.
გამორიცხული არ არის შეხვედრა და არც შეიძლება გამოირიცხოს, როცა საუბარია იმაზე, ეს ქვეყანა ოკუპანტია, თუ როგორი პოზიციაც აქვს - ის მეზობელია და ჩვენ გვინდა ურთიერთობის ნორმალიზება. თუნდაც იმ მეზობელთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. იმიტომ, რომ უნდა გადაწყდეს ეს კონფლიქტი, დეოკუპაცია უნდა მოხერხდეს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით", - თქვა კობახიძემ პრესკონფერენციაზე.
კობახიძის თქმით, მთავარი არ არის, ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტი შეხვდება თუ პრემიერმინისტრი.
"მთავარი არ არის, ვინ წარმოადგენს ქვეყანას, მთავარი ის არის, რაზე უნდა ვისაუბროთ რუსეთთან, როგორ უნდა მომზადდეს ეს შეხვედრა და თუ იქნება საერთოდ მზაობა ამისი და თანხმობა. ეს არის ძალიან რთული და სერიოზული საკითხი. ეს არის საკმაოდ კარგად მოსამზადებელი საკითხი, თუ ამაზე წავიდა ხელისუფლება, ეს იქნება პრეზიდენტი თუ პრემიერმინისტრი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. ეს საკითხები ყოველთვის წყდება, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შეთანხმებით. თუმცა, ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია", - აღნიშნა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე კობახიძემ კულტურის უკვე ყოფილი მოადგილის მარინე მიზანდარის გათავისუფლებაზეც გააკეთა კომენტარი.
"ცუდია, როდესაც რაღაც გაუგებრობაა მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს შორის. მართვა, ზოგადად, უნდა იყოს შეთანხმებული და უნდა იყოს თანხვედრაში. შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს და ეს ჩვეულებრივ ჯანსაღი პროცესია, მაგრამ თუ დაუმორჩილებობამდე მიდის ეს ყველაფერი და საქმეს ავნებს დაძაბული ურთიერთობა, ეს არ არის კარგი. საკითხი უნდა იყოს შეფასებული, შესწავლილი და ადეკვატური ზომები უნდა იყოს მიღებული. ეს არის მთავრობის პრეროგატივა. მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას საკადრო პოლიტიკაზე", - თქვა კობახიძემ.
კობახიძემ პრესკონფერენციაზე გეგუთის ციხეში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა.
”მინისტრმა[სუბარმა] განაცხადა, რომ გარკვეული პროვოკაციები, სამწუხაროდ, იგეგმებოდა, წინასწარ იყო ეს ინფორმაციები ცნობილი სამინისტროსთვის. სახალხო დამცველიც კი ჩააყენეს საქმის კურსში. თუ რომელიმე პატიმარი დაინტერესებულია არეულობით, დესტაბილიზაციით და სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ ამისთვის, შეიძლება თვითდაზიანებასაც, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ყველა ზომას უნდა მიმართოს ადმინისტრაციამ, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს პატიმრების მხრიდან ერთმანეთის დაზიანება ან არ იქნეს ეს დაშვებული და ამ მხრივ უნდა იყოს კონტროლი გაათმაგებული, რომ მათი უსაფრთხოება და სიცოცხლე იყოს დაცული.
თუ რომელიმე პატიმარს არ აწყობს, რომ წესრიგის პირობებში იყოს, არავის არ უნდა, როგორც ჩანს, სასჯელის მოხდა და ჩათვალეს, რომ რადგან ხელისუფლება შეიცვალა, პროტესტით მიაღწევენ თავისუფლებას. ეს ასე არ არის, ადამიანმა თუ ჩაიდინა დანაშაული, სასჯელი უდნა მოიხადოს. თუ ვიღაცას ეს არ აკმაყოფილებს, არსებობს სასამართლო, არსებობს ადვოკატი, გაასაჩივრონ.
სოზარი სუსტი მინისტრი ნამდვილად არ არის. ის არის ჰუმანური. ადამიანი, რომელიც ცდილობს, ჰუმანურად იმართებოდეს სისტემა და კანონიერი გზებით.” - თქვა კობახიძემ.





