ბაჩო ახალაიას საქმე

ნადარეიშვილი: ახალაიას საქმის მოწმე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან გაიტაცეს

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელის ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმის მოწმე გია გორგაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან გაიტაცეს. ამის შესახებ ნადარეიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

მისი თქმით, დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე, ცენტრის დაცვამ უთხრა, რომ ერთი ადამიანი ეძებდა და თავისი ნომერი დატოვა. ნადარეიშვილის ცნობით, არსებობს ამის ვიდეოჩანაწერი.

"ჩვენი ორგანიზაცია არის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია და ბევრ ადამიანს ვეხმარებით. აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ ვიღაცას სჭირდებოდა ჩვენი დახმარება და იმ ნომერზე გადავურეკეთ. მან არ დაასახელა თავისი ვინაობა და გვითხრა, რომ მაქსიმუმ ნახევარ საათში მოვიდოდა. მართლაც მოვიდა და აღმოჩნდა გია გორგაძე - მთავარი ე.წ. დაზარალებული და მთავარი მოწმე ბაჩო ახალაიას ბოლო ბრალში, თითქოს ბაჩომ ვიღაც ექვსი პატიმარი ცემა იმისთვის, რომ ეღიარებინათ ციხიდან გაქცევა. გია გორგაძემ გვითხრა, რომ მოვიდა სიმართლის სათქმელად და მას აიძულეს მიეცა ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. მისი სიტყვებით, "ბაჩო ახალაია ცხოვრებაში არ ჰყავს ნანახი". ჩვენ დავუკავშირდით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს, რომლებიც ჩავაყენეთ საქმის კურსში. გია გორგაძემ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ ტელევიზიის მეშვეობით იტყოდა სიმართლეს და ასევე სახალხო დამცველის ოფისში მისვლას. ავტეხეთ ჟურნალისტებთან რეკვა (როგორც ჩანს ჩვენი "სუს"-ი კარგად გვისმენს) და 4 საათზე დაიგეგმა პრაიმთაიმის პრესკლუბში პრესკონფერენცია. ეს ადამიანი მივიდა იქ. როდესაც მანქანიდან გადმოვიდა და კიბის პირველ საფეხურზე შედგა ფეხი, დაახლოებით 10 სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირი მივიდა მასთან და უთხრეს, რომ ოჯახი ეძებდა, გაუყარეს ხელკავი, ჩასვეს მანქანაში და დღისით-მზისით, ჟურნალისტების თვალწინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან გაიტაცეს ეს ადამიანი. ჩვენთვის ამ წუთამდე უცნობია, სად იმყოფება გია გორგაძე და ვითხოვთ, დაინტერესდეს ყველა შესაბამისი ორგანო თუ პირი მისი ადგილსამყოფელით", - წერს ანი ნადარეიშვილი.

კომენტარები