თბილისის ბიუჯეტი

მერია და საკრებულო არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას დადებითად აფასებენ

timer.ge

თბილისის მერია და საკრებულო ბიუჯეტის განხილვის პროცესში მონაწილეობისთვის არასამთავრობო სექტორს მადლობას უხდიან. საკრებულოს განცხადებით, თბილისის ბიუჯეტის განხილვის პროცესში დედაქალაქის თვითმმართველი ორგანო არასამთავრობო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს.

"არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან თბილისის მერიასა და საკრებულოს შორის ბიუჯეტის განხილვის პროცესში ჩაერთონ, შეხვდნენ როგორც საკრებულოს, ისე მერიის წარმომადგენლებს, მოისმინონ კონკრეტული არგუმენტები და კონკრეტული პროფესიული რჩევების მიცემით ხელი შეუწყონ მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტის დროულ დამტკიცებას. თბილისის საკრებულო მადლობას უხდის არასამთავრობო სექტორს, ვინაიდან ამ საკითხისადმი საქმიანი დამოკიდებულებით გამოეხმაურნენ ჩვენს ინიციატივას, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ მათთან თანამშრომლობით და აქვე აღვნიშნავთ, რომ გასულ კვირას საკრებულოში არასამთავრობო სექტორთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ თბილისის საკრებულოსა და დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა და შეთანხმებისამებრ, კვლავაც გაიმართება საკრებულოს წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამოქალაქო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა ბიუჯეტის განხილვის პროცესში", - აცხადებენ საკრებულოში.

დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში ჩართვასა და ამ მიზნით მერიასა და საკრებულოსთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მზადყოფნას მიესალმება თბილისის მერიაც.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ და სამართლებრივი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ მზადყოფნა გამოთქვეს, თბილისელების ინტერესების დაცვის მიზნით, ჩაერთონ 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში და ითანამშრომლონ, როგორც თბილისის მერიასთან, ასევე საკრებულოსთან. თბილისის მერია დადებითად აფასებს და მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების აღნიშნულ ინიციატივას", - აცხადებს თბილისის მერია და აღნიშნავს, რომ მზად არის იმუშაოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა ბიუჯეტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას ამომწურავად და სრულყოფილად გაეცეს პასუხი.

ცნობისთვის, დღეს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ბიუჯეტთან დაკავშირებით, თბილისის მერიასა და საკრებულოს შორის მოლაპარაკებებში ჩართვის ინიციატივით გამოვიდა.

"ბოლო რამდენიმე კვირაა საზოგადოება თვალს ადევნებს ქ. თბილისის მერიასა და საკრებულოს შორის დავას დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. 31 იანვარს ამ თემაზე თბილისის საკრებულოში შედგა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ სცადა აეხსნა ბიუჯეტის არმიღების მიზეზები. იმის გამო, რომ პროცესი ჩიხშია შესული და აღნიშნული ფაქტი უარყოფითად აისახება თბილისის მერიის მუშაობასა და მოქალაქეების ინტერესებზე, მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩავერთოთ თბილისი მერიასა და საკრებულოს შორის მოლაპარაკებებში, ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ამ პროცესებში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესები და უმოკლეს ვადებში დამტკიცდეს დედაქალაქის ბიუჯეტი. პროცესის შემდგომმა გაჭიანურებამ შესაძლოა მნიშვნელოვანად შეაფერხოს მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება. ჩვენ, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და სამართლებრივი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მზად ვართ შევხვდეთ, როგორც საკრებულოს, ისე მერიის წარმომადგენლებს, მოვისმინოთ მათი კონკრეტული არგუმენტები და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება გავუწიოთ კონსენსუსის მიღწევაში. ჩვენი ერთადერთი სურვილია, კონკრეტული პროფესიული რჩევების მიცემით ხელი შევუწყოთ პოზიციების შეჯერებას და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტის დროულ დამტკიცებას" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები