შპს მექანიზატორი

ივანიშვილი: მინდოდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართალი გამომდგარიყო

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапова / Forbes

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პროკურატურის მიერ ე.წ. ტრაქტორების საქმეზე სასამართლოდან სარჩელის გატანას გამოეხმაურა. როგორც ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის პრეზენტაციაზე განაცხადა, ეს თემა იყო კარგი მაგალითი, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას ნებისმიერ დარღვევაზე.

"კირვალიძე მოიქცა ძალიან კულტურულად მაშინ. მე ძალიან ბევრი ვინერვიულე, კირვალიძემაც და თუ ეს ასე დასრულდა, ჩემთვის მისასალმებელია და საუკეთესო შედეგი ჩემთვის ასეთი შედეგი იქნებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მისთვის სასურველი იყო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართალი გამომდგარიყო

ივანიშვილის თქმითვე, მისი პრემიერობის პერიოდში გამოიკვეთა, რომ ამ საქმეში კორუფცია არ მტკიცდებოდა, მაგრამ შეცდომები იყო.

"ეს თვითონ კირვალიძემ აღიარა ჩემთან, როდესაც აღარ იყო მინისტრი. რეაქცია კი, მაშინ იყო ძალიან ჯანსაღი. ეს არის, ეს გვინდა ჩვენ და ამ მაგალითს მე მუდამ ვიყენებდი ევროპელებთან. ყველაზე ფავორიტი მინისტრი იყო ჩემთვის კირვალიძე, მაგრამ არავინ არ დავინდეთ. ხვედელიძე ლამის შტაბის უფროსი იყო და ნახეთ, რაც მოხდა. აი, ეს დამოკიდებულება არ უნდა შეიცვალოს", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

მისივე თქმით, არ უნდა იყოს საზოგადოებაში განცდა და ეჭვი, რომ "შეიძლება მინისტრმა ხელი მოითბოს საერთო ქონებით".

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურამ სასამართლოდან გაითხოვა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა და ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გაფლანგვას გულისხმობს, ბრალი მოუხსნა. ბრალდების სხვა ნაწილზე კი, პროკურატურამ განრიდება გააკეთა და სარჩელი გაითხოვა. 

გასული წლის მაისში, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს მექანიზატორის მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას, სამსახურებრივ გულგრილობასა და ექსპერტებზე ზეწოლის გამოძიებას ეხებოდა. სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე თანამდებობიდან გადადგა. მაშინდელი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ თუ კირვალიძის დანაშაული არ გამოიკვეთებოდა, მისი თანამდებობაზე დაბრუნება სურდა.

კომენტარები