კეზერაშვილის საქმე

გაბაშვილი: საფრანგეთის სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო

geonews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, საფრანგეთის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე სამართლიანი და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გაბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა.

„ამას წინ უძღოდა ის, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ პროცესზე, ფრანგმა პროკურორმა საქართველოს მხრიდან მიწოდებულ საქმეს, დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური მოტივებით დევნა უწოდა. მისივე აზრით, საქართველოს ხელისუფლების ქცევა და მოქმედება მოანიშნებს, რომ მათი ინტერესია არა სამართლის დადგენა, არამედ კეზერაშვილის ექსტრადირება და შემდგომ აქ დაპატიმრება. ეს თქვა პროკურორმა. რა თქმა უნდა, დაცვის მხარეს კიდევ უფრო მეტი არგუმენტი ჰქონდა ამის დასამტკიცებლად“ - განაცხადა გაბაშვილმა.

დეპუტატის თქმით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთის მთავრობა კეზერაშვილს იარაღით ვაჭრობაში ადანაშაულებდა, მხოლოდ ბრალდებად და პოლიტიკურ კამპანიად დარჩა.

„უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს მთავრობის ამ მოქმედებების შედეგად, უკვე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ოცზე მეტი ადამიანია, ვინც მიიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. ევროკავშირის ქვეყნები, ტრადიციული დემოკრატიის მქონე ქვეყნები დასავლეთში მიიჩნევენ, რომ საქართველოში მიდინარეობს პოლიტიკური დევნა", - განაცხადა გაბაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ექს-ან პროვანსის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ 27 თებერვალს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში, 30 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ფრანგმა პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ აუცილებელია, ქართულ მხარეს უარი ეთქვას დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. მისი თქმით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ კეზერაშვილი ყოფილი მაღალჩინოსანი და ნაციონალურ მოძრაობასთან განსაკუთრებით დაახლოებული პირია. ეს კი, ეჭვს ბადებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე.

პროცესზე თბილისიდან ჩასული პროკურორი ირაკლი დონდოლაძეც იმყოფებოდა. ის აცხადებდა, რომ აუცილებელია, კეზერაშვილი წარსდგეს ქართული სასამართლოს წინაშე და იქ გასცეს პასუხი კითხვებს.

დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ იმის მოტივი, რომ ქართული მხარე დავით კეზერაშვილის ექსტრადირებას ითხოვს, პოლიტიკურია.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს. კეზერაშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის ორ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. კეზერაშვილს პროკურატურა ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ედავება. იმედის და რიყის გასხვისების საქმეზე კი, კეზერაშვილი დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერთან გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

კომენტარები