ოპერისა და ბალეტის თეატრი

ინტერვიუ ჯანლუკა მარჩანოსთან

ჯანლუკა მარჩანო სამი წელია, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორია. მასთან ინტერვიუ 13 იანვარს ჩავწერეთ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თეატრის გაფიცულ მუსიკოსთა ნაწილთან ერთად კულტურის სამინისტროს მიმართავდა ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჟორდანიას გათავისუფლების მოთხოვნით. მოგვიანებით, გიორგი ჟორდანია გადადგა. რამდენიმე დღით ადრე კი, ტაბულა მთავარ დირიჟორს ოპერის თეატრში არსებულ ვითარებასა და პრობლემებზე ესაუბრა.

ამჟამად რთულ ვითარებაში ხართ. ერთი მხრივ, წინ გელით საპრემიერო სპექტაკლი, რომელზე მუშაობაც დროებით შეჩერებულია, მეორე მხრივ კი, დასის წევრებთან ერთად მონაწილეობთ აქციაში, რომელიც ოპერის დასის სამხატვრო ხელმძღვანელის წინააღმდეგაა მიმართული. რა არის თქვენი პროტესტის მიზეზი?

ბუნებრივია, ბევრად უკეთესია, როდესაც პოზიტიურ თემებზე გიწევს საუბარი. თუმცა ვცდილობ, ამ ამბავსაც თავისი დადებითი მხარე გამოვუნახო. მოცემულ მომენტში თბილისის ოპერის თეატრის გამოცოცხლების შანსს ვხედავ. აქ სამი წლის წინ ერთი მიზნით ჩამოვედი – განმეხორციელებინა პროექტი, რომელიც გულისხმობდა თეატრის საერთაშორისო არენაზე გაყვანას, ამას ეს თეატრი იმსახურებს. ის იყო და ხელახლა უნდა იქცეს ქართული საოპერო სკოლის მაღალი დონის ინდიკატორად.

ამ სკოლას უდიდესი ტრადიციები აქვს. ამჟამად კი, ერთი წელია, ახალი მმართველობის პირობებში, პროგრესის ნაცვლად, რეგრესთან გვაქვს საქმე. უკან წავედით, პირველ რიგში იმიტომ, რომ გაჩნდა კომუნიკაციის დეფიციტი. ერთ მხარეს დგას სამხატვრო ხელმძღვანელობა, მეორე მხარეს დანარჩენი კოლექტივი, სოლისტები, ორკესტრი, გუნდი. ოპერის თეატრი უნდა მუშაობდეს დემოკრატიული პრინციპებით. ადამიანებს, რომლებიც აქ მუშაობენ, უნდა ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი წვლილი შეიტანონ მის განვითარებაში და მაღალი დონის სპექტაკლებზე იმუშაონ. ბუნებრივია, ეს ფიზიკურად რთულია, როდესაც თეატრის შენობა არ გაქვს, მაგრამ საჭიროა ამ დროის გამოყენება საიმისოდ, რომ კარგი საფუძველი შემუშავდეს სახლში დასაბრუნებლად. მე მსურს, წარმოჩენის საშუალება მივცე ამ დიდ რესურსს და ქართული საოპერო დასი საერთაშორისო საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი.

მე აქ მომიწვიეს ჩემი კონტაქტების წყალობით, ვგულისხმობ იმას, რომ საერთაშორისო კარიერა მაქვს, ბოლო დროს ფლორენციაში, ლონდონში English national opera-სთან, პეკინში Beijing Symphony Orchestra-სთან და სხვადასხვა საერთაშორისო რანგის მუსიკალურ კომპანიებთან მომიწია გამოსვლა. აქ მუშაობის სამი წლის განმავლობაში მოვახერხე ქართულ დასთან ერთად განმეხორციელებინა გასტროლები: ვიყავით ბეირუთის ალ ბუსტანის ფესტივალზე, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც მე გახლავართ, გვქონდა ჩინეთის ტური, იტალიაში, გუბიოში წარმოვადგინეთ „რიგოლეტო", ბევრ საერთაშორისო წარმატებას მივაღწიეთ. მე ყველგან აღვნიშნავ, რომ თბილისის საოპერო დასის მთავარი დირიჟორი ვარ და ამას საერთაშორისო გამოცემებში წერენ, რაც მნიშვნელოვანი რეკლამაა დასისთვის.

ბუნებრივია, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, დიდი გეგმები გვაქვს. ბოლო წელია, წინსვლას ვეღარ ვხედავ. ბევრნაირად შევეცადე, კონფლიქტების თავიდან არიდების გზით მომეგვარებინა შიდა პრობლემები, მაგრამ პროგრესირების საშუალება არ გვეძლევა, ამიტომ საჭიროა, შეიცვალოს ხელმძღვანელი. აუცილებელია, გაწერილი გვქონდეს პროგრამა ორი-სამი სეზონით მაინც, რადგან თეატრები მუსიკოსებს კონტრაქტებს ბევრი წლით ადრე უდებენ. მე, მაგალითად, ვიცი სად მივდივარ 2017 წელს. ასევე უნდა იცოდნენ მუსიკოსებმაც, როდის რა როლზე იმუშაონ. პარტია ერთ თვეში არ მზადდება. მე ასი პროცენტით მხარში ვუდგავარ ამ თეატრს. აქ არც კარიერის და არც ფულის საკეთებლად არ ჩამოვსულვარ, საქართველოში ჩამოსვლამდე, ორ ფრანგულ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად გაცილებით მოგებიანი იყო იქ წასვლა. აქ იმიტომ ვარ, რომ მჯერა ამ პროექტის, დასახული მიზნის და იმ ადამიანების ნიჭიერების, რომლებთანაც ვმუშაობ.

მთელ მსოფლიოში დამოკიდებულება კულტურის მიმართ არაერთგვაროვანია. არსებობს ქვეყნები, რომლებიც ამაში ფულს დებენ, მაგალითად, საფრანგეთი, რომელიც წლიურად 58 მილიარდს აბანდებს კულტურაში, მეორე მხრივ კი, თუნდაც თქვენს სამშობლოში, იტალიაში, პოლიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ „კულტურას ვერ შეჭამ" (იტალიის ეკონომიკის მინისტრის ცნობილი გამონათქვამი). თქვენი აზრით, რატომ უნდა დააბანდოს ისეთმა ღარიბმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, კულტურაში ფული? რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, შეინარჩუნოს თუნდაც ოპერის თეატრი?

ჯანლუკა მარჩანო
ოპერას საქართველოში განსაკუთრებული ტრადიციები აქვს. ასეა ისტორიულად და უამრავი ქართველი მუსიკოსია ცნობილი, რომელმაც წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა ვარსკვლავები, და მე მათ ნამდვილად ვარსკვლავებს ვუწოდებ, არა მხოლოდ საზღვარგარეთ, აქაც გვყავს, ისინი საქართველოს უნარჩუნებენ ბელკანტოს უდიდეს ტრადიციას და ასე იქცეოდნენ წარსულშიც, როდესაც უშუქობა-უგაზობის პირობებში არ ტოვებდნენ თეატრს. მე ამ დიდი არტისტების მადლიერი ვარ.

მემკვიდრეობა, რომელსაც კულტურა გვიტოვებს, საყოველთაოა. კვლევებმა აჩვენა, რომ კულტურას, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ფულის მოტანაც შეუძლია სახელმწიფოსთვის. კულტურული დაწესებულებები ქმნიან სამუშაო ადგილებსაც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ იტალიელ მინისტრებს, რომლებსაც ეს სიტყვები ეკუთვნით, წარმოდგენა არ აქვთ იმის შესახებ, რასაც ამბობენ. ბუნებრივია, აუცილებელია, მის განვითარებაში წვლილი არა მხოლოდ სახელმწიფოს, კერძო სექტორსაც შეჰქონდეს. მხოლოდ სახელმწიფოზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალაუფლების ხარისხი ძალიან მაღალია. ვინაიდან კულტურას დამოუკიდებლად განვითარება არ შეუძლია, სახელმწიფო უნდა გვეხმარებოდეს იმაში, რომ გადასახადები გაგვიუქმოს, მაგრამ, ამავდროულად, იმავე გზით პირობას უნდა უქმნიდეს კერძო სექტორს, სპონსორებს, რომ დაინტერესდნენ კულტურით. ამერიკული, ინგლისური მოდელი ამ მხრივ სამაგალითოა.

სამი წელია, საქართველოში იმყოფებით. თქვენს ჩამოსვლამდეც და შემდეგაც გამუდმებით საუბრობდნენ იმ დანაკლისებზე, რომელიც ჰქონდა დასს და, განსაკუთრებით, ორკესტრს: ტექნიკური პრობლემები, ხარისხიანი ინსტრუმენტების და თავად მუსიკოსების ნაკლებობა და მათი მომზადების დონე, დაბალი ხელფასები. როგორ იხსენებთ თქვენი ჩამოსვლის პირველ პერიოდს და რა შეიცვალა მას შემდეგ?

უნდა აღვნიშნო, რომ სანამ ჩამოვიდოდი, ცოტა ხნით ადრე, საქართველოში ერთი ძალიან კარგი რამ მოხდა: ქართუ ჯგუფის დაფინანსებით, განხორციელდა პროექტი, რომელიც გულისხმობდა ინსტრუმენტების შეძენას ორკესტრისთვის. მაგალითად, ყველა ხემიანი საკრავი მსგავსი ინსტრუმენტების ოსტატმა – კლოდ ლებემ დაამზადა შესანიშნავად. სასიამოვნოდ გამაოცა, რომ არსებობდა კერძო პირი, რომელიც ასე იყო დაინტერესებული კულტურით. თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ინსტრუმენტების ნაწილი ჯერ კიდევ შესაცვლელია. ერთია ყიდვა, მაგრამ ინსტრუმენტების მოვლაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მსოფლიოს ყველა თეატრს აქვს გამოყოფილი ბიუჯეტი ამისთვის. მე მაქვს ამაზე მოთხოვნა გაკეთებული.

რაც შეეხება მუსიკოსების მომზადების დონეს, ვფიქრობ, ამ მხრივ წინ წავიწიეთ. საქართველოში ჩამოსვლამდე მეუბნებოდნენ, რომ ნახავ, ქართველებს რა დამოკიდებულება აქვთ სამსახურის მიმართ, გამუდმებით დაიგვიანებენ რეპეტიციებზეო, რაც არ აღმოჩნდა სიმართლე. ჩვენ ძალიან შინაურული გარემო შევქმენით და, ამასთან, ვახერხებთ, დავემორჩილოთ განაწესს. პატივისცემის მოპოვება ღიმილით ხდება და არა ყვირილით. ჩვენ ამ პრინციპით ვმუშაობთ. ამავდროულად, იმისთვის, რომ მუსიკოსი მომზადებული იყოს, საჭიროა გრაფიკის, რეპეტიციების სწორად გაწერა და ასევე აუცილებელია სივრცე, სადაც მუშაობა, ნაწარმოებების მომზადება იქნება შესაძლებელი. ამჟამად კანცელარიის ერთ დარბაზში გვიწევს რეპეტიციების ჩატარება, რომელსაც შეძლებისდაგვარად ვათბობთ, სადაც აკუსტიკა არ არის და რადგან პირობები არ გვაქვს, ზოგი კონსერვატორიაში მიდის სამუშაოდ, ზოგი სახლში უკრავს. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია და იმედს ვიტოვებთ, რომ ოპერის თეატრში მალე მოგვიწევს შესვლა და ნორმალურ პირობებში მუშაობა.

ხშირად გვსმენია, რომ უშუალო ადამიანი ხართ. საქართველოში ჩამოსულს დაგხვდათ მუსიკოსები, რომელთა ნაწილმაც ინგლისური ან იტალიური არ იცის, სამაგიეროდ, თქვენ ამეტყველდით ქართულად. ამჟამად რომელია თქვენი სამუშაო ენა?

ჩემი ამჟამინდელი ქართული ესპერანტო უფროა, იმდენი ინგლისურ-იტალიურ-რუსული სიტყვის გამოყენებით ვსაუბრობ. მთავარი მაინც ისაა, რომ ერთმანეთს ვუგებთ და ვაგებინებთ სათქმელს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იცნობდე იმ ქვეყანას, სადაც ცხოვრობ, მე მიხარია აქ ყოფნა და ამიტომ, ყოველთვის ინფორმირებული ვარ იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში. თავს ქართული საზოგადოების ნაწილად ვთვლი. არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს დასის წევრებთან. ჩემი ნომერი ყველა მათგანმა იცის, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დამირეკონ და მომწერონ, ყველას ვპასუხობ და მუდამ მზად ვარ მათ მოსასმენად. სულ ვამბობ, რომ კომუნიკაცია უმთავრესია. გაუგებრობები მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანებს ეს აკლიათ, ინფორმაცია არ მიეწოდებათ.

ხშირად დირიჟორობთ საოპერო ნაწარმოებებს. საბჭოთა ლირიკული სკოლის უმთავრესი პრობლემა და დანატოვარი არის ის, რომ სწავლებისას, ხშირად, ფორმას უფრო ექცევა ყურადღება, ვიდრე შინაარსს. თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა ოპერის დირიჟორობა ან შესრულება, შინაარსის, ტექსტის საფუძვლიანი ცოდნის გარეშე? არსებობს თუ არა აქ მსგავსი პრობლემა და როგორ ცდილობთ მასთან გამკლავებას?

შინაარსის გააზრების გარეშე, აბსოლუტურად შეუძლებელია ნებისმიერი სახის ნაწარმოების შესრულება, იქნება ეს სიმფონიური, ლირიკული თუ კამერული მუსიკა. თუმცა, როგორც აღნიშნეთ, განსაკუთრებით ოპერაში, სადაც შინაარსი დაწერილი ტექსტის სახით გვაქვს მოცემული, სიტყვების მნიშვნელობის არცოდნა დასასრულის ტოლფასია. ვფიქრობ, რომ ტექსტზე მუშაობა, მისი გააზრება უმნიშვნელოვანესია. ამაზე საუბარი მქონდა ჩვენი თეატრის წამყვან სოპრანოსთან, ირინე რატიანთან, რომელსაც უმღერია იტალიაში და სრულყოფილად ფლობს ენას. ჩვენ ერთზე შევთანხმდით – ეს იქნება და უნდა იყოს ოპერაში მუშაობის აუცილებელი პირობა.

ახლა, როდესაც შევალთ თეატრის შენობაში და ნორმალური სამუშაო პირობები გვექნება, იმედია, ამას განვახორციელებთ. უფრო სწორად, აუცილებლად ვიმუშავებთ ამ თემაზე. ნებისმიერი საოპერო ნაწარმოების დადგმამდე საჭიროა მოეწყოს შეხვედრები ლიბრეტოთი ხელში და განვიხილოთ ტექსტი, ვიმსჯელოთ პერსონაჟებზე. აუცილებელია ტექსტის ანალიზი და გაგება, რადგან სწორედ სიტყვები ახდენს გავლენას მუსიკალურ ფრაზეოლოგიაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პრინციპით იმუშავებენ კონსერვატორიაშიც. როდესაც მღერი, ძირითადი საოპერო ენების, იტალიურის, ფრანგულის, გერმანულის, რუსულის ცოდნა, ან გაგება, აუცილებელია. დაინტერესებული ვარ, რომ ოპერაში ან საოპერო სტუდიაში შეგვეძლოს პიანისტების, პედაგოგების, რეჟისორების მოწვევა, რომლებიც სხვადასხვა ენებზე გაუზიარებენ და გადასცემენ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ჩვენს იმ მუსიკოსებს, რომლებსაც აქამდე არ ჰქონიათ ცოდნის მიღების ამგვარი შესაძლებლობა.

აღნიშნეთ, რომ ლირიკული მუსიკის სამყაროში, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში, ბევრი ქართველი ვარსკვლავია. საზღვარგარეთ მოღვაწე გამორჩეულ მომღერლებს, ასე თუ ისე, ბევრი იცნობს. ვინ არიან ის ადგილობრივი ქართველი ვარსკვლავები, რომლებზეც საუბრობდით?

ძალიან ბევრნი არიან. ჩამოთვლას დავიწყებდი თემურ გუგუშვილით, ირინა რატიანით, თეა დემურიშვილით – ამ ადამიანებს ბევრჯერ უმღერიათ საზღვარგარეთაც, მაგრამ გადაწყვიტეს, თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი თეატრის განვითარებაში, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. ნიკა ლაგვილავა, ლეგი იმედაშვილი, გოჩა დათუსანი, ირინა თაბორიძე, მარიკა მაჩიტიძე, ირინა ალექსიძე, სალომე ჯიქია, ნათია ჯიბლაძე, ოთარ ჯორჯიკია, ირაკლი მურჯიკნელი... ჩამონათვალი ძალიან გრძელი გამოვა და ამიტომ აღარ გავაგრძელებ, რომ არ გამომრჩნენ. მათ შორის ბევრი ახალგაზრდაა და ვფიქრობ, წარმატებული ქართველი მომღერლების ეს ტალღა არასდროს შეჩერდება.

დაბოლოს, ის სურვილები და პროექტები, რომელთა განხორციელებასაც სამომავლოდ გეგმავთ.

სურვილია, რომ ოპერის თეატრში შესვლისას, ქართველ მსმენელს შევთავაზოთ ხარისხიანი პროდუქტი. შესრულდეს ის ნაწარმოებები, რომელთა მოსმენის საშუალებაც ადგილობრივებს აქამდე არ ჰქონიათ. მინდა, რომ შესაძლებლობა მქონდეს, შევასრულოთ ვერდის „ერნანი", მოცარტის Così fan tutte („ასე იქცევა ყველა ქალი"), გუნოს „ფაუსტი", ჯორდანოს „ანდრეა შენიე", ბელინის, პუჩინის, მასნეს ნაწარმოებები და, ბუნებრივია, დიდი ქართული ოპერები, რომლებიც სრულყოფილად უნდა სრულდებოდეს, არ ვგულისხმობ მხოლოდ ფალიაშვილის უდიდეს ოპერებს. მათი არსებობა ტრადიციების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და აუცილებელია მათი, როგორც ეროვნული საგანძურის, მოფრთხილება და მოვლა.

კომენტარები