კეზერაშვილის საქმე

პროკურორი: სასამართლოს მიერ კეზერაშვილის პატიმრობაში დატოვება მნიშვნელოვანია

დავით კეზერაშვილი

პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ, რომელიც დღეს საფრანგეთში, ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესს ესწრებოდა, თქვა, რომ სასამართლოს მიერ კეზერაშვილის პატიმრობაში დატოვება მნიშვნელოვანია. პროკურატურამ კი სასამართლოს მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რომელთა დაყრდნობითაც ის იმსჯელებს.

"პირველ რიგში, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა კეზერაშვილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ, ყველა ის ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა სასამართლოს, ჩვენ მივაწოდეთ და ამაზე დაყრდნობით იმსჯელებს სასამართლო. პროცედურა ასეთია - ზოგადად არ ხდება საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის საქმის გადაგზავნა მთელი მისი მტკიცებულებებით. საფრანგეთის სასამართლოს როლი არ არის ის, რომ იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე ან იმაზე, თუ რა მტკიცებულებები არსებობს. დოკუმენტები ქართულმა მხარემ სრულად მიაწოდა. დამატებითი ინფორმაცია ჰქონდა გამოთხოვილი ფრანგულ მხარეს და ისიც სრულად მიაწოდა მთავარმა პროკურატურამ. დღევანდელ პროცესზე ერთმა ფრანგმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, იმსჯელოს ყველა საკითხზე და ისე გამოიტანოს გადაწყვეტილება, მათ შორის იმ არგუმენტებზე, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, რომელმაც ჩათვალა, რომ ყველა საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გადაწყვეტილების მისაღებად გონივრული ვადა ერთი თვეა, ანუ 27 თებერვალს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას",- თქვა დონდოლაძემ.

კითხვაზე, თქვა თუ არა ფრანგმა პროკურორმა დასკვნით სიტყვაში, რომ არ უნდა მოხდეს კეზერაშვილის ექსტრადირება, რადგან საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, დონდოლაძემ უპასუხა, "პროკურორმა თქვა, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ყველა იმ ასპექტზე, რაც საქმეში არსებობს, მათ შორის თქვენს მიერ დასახელებული არგუმენტებიც მოიყვანა ამ პოზიციის გასაძლიერებლად".

შეგახსენებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მოხდება თუ არა კეზერაშვილის ექსტრადიცია საქართველოში, მოსამართლე 27 თებერვალს გამოიტანს. ხოლო ორშაბათს, 3 თებერვალს 2 საათზე მოსამართლე იტყვის, გაათავისუფლებენ თუ არა გირაოთი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ფრანგმა პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ აუცილებელია, ქართულ მხარეს უარი ეთქვას დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. მისი თქმით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ კეზერაშვილი ყოფილი მაღალჩინოსანი და ნაციონალურ მოძრაობასთან განსაკუთრებით დაახლოებული პირია. ეს კი ეჭვს ბადებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე.

პროცესზე თბილისიდან ჩასული პროკურორი ირაკლი დონდოლაძე აცხადებდა, რომ აუცილებელია, კეზერაშვილი წარსდგეს ქართული სასამართლოს წინაშე და იქ გასცეს პასუხი კითხვებს.

დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ იმის მოტივი, რომ ქართული მხარე დავით კეზერაშვილის ექსტრადირებას ითხოვს, პოლიტიკურია. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ კეზერაშვილს ორშაბათს გირაოთი გაათავისუფლებენ, რადგან არ არსებობს იმის საფუძველი, რომ "ვერდიქტამდე" პატიმრობაში დატოვონ. ადვოკატები ელოდებიან, რომ მოსამართლე ფრანგი პროკურორის ნათქვამს გაითვალისწინებს და კეზერაშვილის ექსტრადიცია საქართველოში არ მოხდება. მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებულია.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს. კეზერაშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის ორ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. კეზერაშვილს პროკურატურა ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ედავება. იმედის და რიყის გასხვისების საქმეზე კი, კეზერაშვილი დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერთან გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

კომენტარები