კეზერაშვილის საქმე

კეზერაშვილის ექსტრადაციის შესახებ გადაწყვეტილება 27 თებერვალს იქნება ცნობილი

AFP.com

საფრანგეთში, ექს-ან პროვანსის სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. საბოლოო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მოხდება თუ არა კეზერაშვილის ექსტრადიცია საქართველოში, მოსამართლე 27 თებერვალს გამოიტანს. ხოლო ორშაბათს, 3 თებერვალს 2 საათზე მოსამართლე იტყვის, გაათავისუფლებენ თუ არა გირაოთი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ფრანგმა პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ აუცილებელია, ქართულ მხარეს უარი ეთქვას დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. მისი თქმით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ კეზერაშვილი ყოფილი მაღალჩინოსანი და ნაციონალურ მოძრაობასთან განსაკუთრებით დაახლოებული პირია. ეს კი ეჭვს ბადებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე. 

პროცესზე თბილისიდან ჩასული პროკურორი ირაკლი დონდოლაძეც იმყოფებოდა. ის აცხადებდა, რომ აუცილებელია, კეზერაშვილი წარსდგეს ქართული სასამართლოს წინაშე და იქ გასცეს პასუხი კითხვებს. 

დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ იმის მოტივი, რომ ქართული მხარე დავით კეზერაშვილის ექსტრადირებას ითხოვს, პოლიტიკურია. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ კეზერაშვილს ორშაბათს გირაოთი გაათავისუფლებენ, რადგან არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ”ვერდიქტამდე” პატიმრობაში დატოვონ. ადვოკატები ელოდებიან, რომ მოსამართლე ფრანგი პროკურორის ნათქვამს გაითვალისწინებს და კეზერაშვილის ექსტრადიცია საქართველოში არ მოხდება. მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებულია.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს. კეზერაშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის ორ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. კეზერაშვილს პროკურატურა ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ედავება. იმედის და რიყის გასხვისების საქმეზე კი, კეზერაშვილი დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერთან გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

კომენტარები