საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი სახელით არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ღარიბაშვილის თქმით, ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებელი მამუკა ღლონტი გამოთქვამს წუხილს, რომ პრემიერი მაესტროში არ მიდის. პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ეს ღლონტს კომუნიკაციების დეპარტამენტში განუცხადეს. პრემიერმა მთავრობის კანცელარიის უფროსს და საზოგადოებასთან კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაავალა, შეისწავლონ ეს საკითხი და მოახდინონ სათანადო რეაგირება.
"გასულ კვირას გავეცანი მედიამონიტორინგს და აღმოვაჩინე, რომ ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებელი მამუკა ღლონტი გამოთქვამს წუხილს, თითქოს მე მაესტროში არ მივდივარ, რადგან უფრო რეიტინგულ არხებზე დავდივარ. ამის შესახებ კომუნიკაციების დეპარტამენტიდან უთქვამთ მისთვის. ეს არის აბსურდული ინფორმაცია და მინდა დავავალო კანცელარიის უფროსს, რომ გამოარკვიოს ეს მართლაც აღმაშფოთებელი ფაქტი - ვინ გაბედა და ვინ უთხრა მაესტროს, რომ არ მივდივარ ამ ტელევიზიაში იმის გამო, რომ უფრო რეიტინგულ არხებზე დავდივარ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ არცერთ ტელევიზიას ერთმანეთისგან არ ასხვავებს და ყველას თანაბრად დიდ პატივს სცემს.
"თხოვნით მინდა მოგმართოთ, რომ თუკი ჩემი სახელით მსგავსი ფაქტი კიდევ დაფიქსირდება ვინმეს მხრიდან, იქნება ეს მინისტრი, თუ ჩვენი აპარატის თანამშრომელი, ღიად მომმართეთ. მე არ ვასხვავებ არცერთ ტელევიზიას, არცერთ მედიასაშუალებას ერთმანეთისგან. დიდ პატივს ვცემ მედიას და ვაფასებ მათ შრომას", - თქვა პრემიერმა.





