
დღეს უკვე არსებობს მოსაზრება, რომ თანამედროვე ხელოვნება არის „ინდივიდუალიზმის მოთხოვნილების აღორძინების მცდელობა", როდესაც ყველაფერი ახალი, განსხვავებული, უცნაური იმდენად საინტერესოდ აღიქმება, რომ დიდი ფასი ედება და მხოლოდ ღირსეულთა საკუთრება ხდება. ღირსეულნი კი თანამედროვე ეპოქაში, მოგეხსენებათ, შეძლებით გამოირჩევიან და არა, ვთქვათ, მორალური ან ზნეობრივი კრიტერიუმებით.

თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებზე საუბრისას, კრიტიკოსები თუ მკვლევრები ხაზგასმით გამოყოფენ მაყურებელთან თუ დამთვალიერებელთან ურთიერთობის მნიშვნელობას, როდესაც ხელოვანის მიერ გამოყენებულ ფორმასა და მასალას იმდენად ძლიერი და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, როგორც არასდროს. ამის სამაგალითოდ გამოდგება წლევანდელი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი პიპო დელბონოს სპექტაკლი „ბრძოლის შემდეგ", რომელიც მაყურებლის ერთმა ნაწილმა შეაფასა როგორც მეორადი პროდუქცია, ხოლო მეორემ – ყველაზე საინტერესოდ, რამდენადაც მათთვის, ყველასთვის ცნობილი ხელოვნების ნიმუშების, იგივე სცენების, აქტუალური თემების „გამეორებისა" თუ პერიფრაზირების მიუხედავად, მისაღები და ყველაზე ახლობელი აღმოჩნდა ფორმა, რომელიც მაყურებელს წარმოდგენაში ყველაზე აქტიურად ჩართულმა რეჟისორმა შესთავაზა.

XXI საუკუნეზე, მეორენაირად – „მოხმარების საუკუნეზე", მსჯელობისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ისეთი ტიპის ხელოვანების დაწინაურებას, რომლებიც დროისთვის შესაფერისი და დამახასიათებელი უნარებით გამოირჩევიან. ამის საუკეთესო მაგალითია 1965 წელს დაბადებული ბრიტანელი დემიან ჰირსტი, რომლის შემოქმედებასთან დაკავშირებული კამათი პერიოდულად მძაფრდება. ხშირად კამათობენ, უფრო ჭკვიანი და ნიჭიერია როგორც ბიზნესმენი, თუ როგორც ხელოვანი?! ყოველთვის ახსენდებათ, რომ ჰირსტმა თავად „აიძულა" დილერები მისი ნამუშევრები იმდენად მაღალ ფასად შეეძინათ, რომ ბაზარზე მათი ღირებულების შესანარჩუნებლად ებრძოლათ.
თანამედროვე ხელოვნებაში ფულის დაბანდების ტენდენცია, ექსპერტებისა და მკვლევრების აზრით, დაახლოებით 10-13 წლის წინ გამძაფრდა, როდესაც გალერისტმა ჩარლზ სააჩიმ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ახალგაზრდა ინგლისელების დემიან ჰირსტის და ტრეისი ემინის ნამუშევრები შეიძინა. კოლექცია ჯერ საკუთარ გალერეაში გამოფინა, შემდეგ მუზეუმებში და „სათავისოდაც" გაყიდა, რითაც ახალი ერა დაიწყო. 2003 წლიდან ბაზარზე გამოიკვეთა კოლექციონერთა მესამე თაობა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით უფრო და უფრო დაინტერესდა და მათში ფულის დაბანდება დაიწყო.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დღეს უკვე მილიონების თანამედროვე ხელოვნებაში ჩადების ბუმი განელებულია. თუმცა, ჯერ კიდევ ინტერესითა და გაოცებით საუბრობენ 2008 წლიდან მოყოლებულ „სენსაციურ გაყიდვებზე", როდესაც დილერები ერთმანეთს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ყიდვაში ეჯიბრებოდნენ. და რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მათი ორთაბრძოლა მაშინაც არ განელებულა, როდესაც ბირჟაზე აქციების ფასი დავარდა და მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო.
ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ენდი უორჰოლისა და დემიან ჰირსტის ნამუშევრების 70-100 მილიონად გაყიდვა სენსაცია იყო. ექსპერტები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ახლოვდებოდა დრო, როდესაც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები მილიარდებად გაიყიდებოდა. ხელოვნების მიმართულებით მომუშავე ფსიქოლოგების აზრით, თანამედროვე ადამიანის ცხოვრება იმდენად მოსაწყენია, რომ შეძლებული ადამიანი დიდი სიამოვნებით ხარჯავს ფულს ისეთ საგნებსა თუ ნივთებში, რომლებიც მას საზოგადოებაში კიდევ უფრო პრივილეგირებულს, გამორჩეულს გახდის და მიანიჭებს ინდივიდუალიზმის განცდას, რომელიც მერე რა, რომ შესაძლოა ფსევდო აღმოჩნდეს. ამიტომაც ფიქრობენ, რომ ხელოვნებით ხშირად თვითონ ხელოვანებიც კი სპეკულირებენ, რაც ხელოვნების მთავარი ამოცანა არასოდეს ყოფილა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს უკვე „მილიონებით განმტკიცებულ გარიგებებში" ყველაზე აქტიურად სწორედ იმათი სახელები და გვარები ფიგურირებს, რომლებიც ჩვენი თანამედროვეები არიან და, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, საკუთარ ნამუშევრებზე ფასსაც თავად არეგულირებენ.

ბევრი ფიქრობს, რომ თანამედროვე ხელოვნება არის ცხოვრების სტილი, შერწყმული სივრცესთან და გარემოსთან, რომელშიც ვცხოვრობთ. ამიტომაც გახშირდა შემთხვევები, როდესაც ხელოვნების ნიმუშები ავეჯთან ან ნივთებთან კომპლექსში იყიდება და ცალკე აღებული იმდენად ღირებული და საინტერესო აღარ არის.
ვინ გაუწია პოპულარიზაცია თანამედროვე ხელოვნებას? უპირველესად მუზეუმებმა, რომელთა დარბაზებიც თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციებით აივსო. რაც არ უნდა ვიფიქროთ, რომ შეხედულება – „რაც უფრო ძვირია ნახატი, მით უფრო კარგია", არასწორია, მაინც ფაქტია, რომ თანამედროვე ხელოვნება გახდა კომერციული და მასზე ფასების დადებაც ერთგვარი თამაშია, ამასთან, ჯერჯერობით, მოგებიანი. ასევე გამოკვეთილია ერთი ტენდენცია – მონოპოლიზაციის, რომლის სამაგალითოდაც ხშირად ასახელებენ ენდი უორჰოლის ნამუშევრების დილერს – ხოსე მუგრაბის, რომელიც მის ხელოვნებაზე ფასს სტაბილურად ინარჩუნებს. ფაქტია, რომ დაუწერელი კანონი – ფასს განსაზღვრავს ის, ვისაც ბევრი საქონელი აქვს – ყველაზე ეფექტურად მოქმედებს.
არადა, იყო დრო, არცთუ შორეულ წარსულში, როდესაც რეკორდულ ფასად მიიჩნეოდა ვინსენტ ვან გოგის „ზამბახების" 53 901 000 დოლარად გაყიდვა. თუმცა მაშინ მყიდველს მისი შესაძენი ფული თვითონ სოტბის აუქციონმა ასესხა და თამაშის ახალი ფორმა დანერგა. ასეთ ტენდენციას დღეს ექსპერტები, ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები სახიფათოდ მიიჩნევენ.
რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და როგორი წესებითაც არ უნდა ვითამაშოთ, ზოგადად ხელოვნების შემფასებელი მაინც უცვლელი რჩება. ეს არის დრო და სწორედ „დრო" გვაჩვენებს, რამდენად გაბერილი და ხელოვნურად გაზრდილი იყო ფასები თანამედროვე ხელოვნების ისეთ ნიმუშებზე, რომლებიც მილიონებად იყიდება.




