ვანო მერაბიშვილის საქმე

მინაშვილი: ხელისუფლებამ კვალიფიკაცია აიმაღლა ფაქტების ფალსიფიკაციაში

რადიო "თავისუფლება"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ცრუობს, როდესაც ამბობს, თითქოს არასდროს უთქვამს, რომ ვიდეოფირები 10 დღეში იშლება. მინაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვიდეომასალები წარადგინა. გუშინდელ კომენტარში სუბარი ამბობს, რომ არასდროს უთქვამს ვიდეოფირების ათ დღეში განადგურების თაობაზე. მეორე ვიდეოში კი, სასჯელაღსრულების მინისტრი პირველი არხის გადაცემაში სტუმრობისას აცხადებს, რომ ციხეებში ვიდეოკადრები ათი დღის შემდეგ ავტომატურად ნადგურდება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ასევე სიცრუე უწოდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შაბათ-კვირას ვანო მერაბიშვილთან ადვოკატები იმყოფებოდნენ. აკაკი მინაშვილის განმარტებით, შაბათ-კვირას ადვოკატები ყოფილ პრემიერთან არ ყოფილან და არც შეიძლება ყოფილიყვნენ, რადგან პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ადვკოკატებს დასვენების დღეებში პატიმრებთან შესვლას უკრძალავენ.

"ვერავითარ მტკიცებულებას, რომ ადოკატები იყვნენ ვანო მერაბიშვილთან, ვერ წარმოადგენენ. რაც უფრო მეტი დრო გადის, ჩვენ ღრმად ვრწმუნდებით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაიმკვიდრა არა როგორც ქვეყნისათვის, მოსახლეობისათვის სასიკეთო საქმის მკეთებელი ხელისუფლების სახელი, არამედ კვალიფიკაცია აიმაღლა ტყუილსა და ფაქტების ფალსიფიკაციაში", - აღნიშნა უმცირესობის დეპუტატმა.

მისივე თქმით, ყველა ის ფაქტი, რომელიც ეხება ვიდეოფირების წაშლას, არის დანაშაულის დაფარვა.

"ეს კი, თავისთავად კრიმინალია. ყველა ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობს, დამნაშავეა. როგორც ჩანს, ამ დანაშაულის მთავარი ორგანიზატორი სწორედ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, მთავარი აღმსრულებელი კი, ბატონი სოზარ სუბარი. ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ ამ დანაშაულისათვის გადააყენონ სოზარ სუბარი და მის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება. როგორც ჩვენ ეს, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოვახერხეთ ყაჩაღ ფარცხალაძის მიმართ, ასევე მოვახერხებთ, რომ გადააყენონ სოზარ სუბარი", - თქვა მინაშვილმა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო აცხადებს, რომ სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალდებები არ დადასტურდა. უწყების განმარტებით, 17 დეკემბერს, მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული სათვალთვალო კამერების 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, "ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის". მანამდე, სუბარი ამბობდა, რომ მასალები ათ დღეში იშლება. ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ვიდეომასალების ამოღებას პროცედურები სჭირდებოდა და ეს მცირე დროში ვერ მოხერხდებოდა. ამასთან, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მერაბიშვილთან შაბათ-კვირას (15-16 დეკემბერი) ადვოკატები იმყოფებოდნენ და ყოფილმა პრემიერმა მხოლოდ 17 დეკემბერს გააჟღერა თავისი ბრალდებები.

ცნობისთვის, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 13-14 დეკემბერის ღამეს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაიყვანეს და მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეახვედრეს. მისი თქმით, ფარცხალაძე მასზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა.

კომენტარები