ერაყში აფეთქებების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 62 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტები ერაყის სხვადასხვა ქალაქში განხორციელდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ტერაქტს მოჰყვა, როცა თვითმკვლელმა ტერორისტმა გარდაცვლილი სამხედრო პირის სამგლოვიარო პროცესიის დროს თავი აიფეთქა, შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა.
ტერაქტები ერაყში ალ-ყაიდას მებრძოლებსა და სამთავრობო ძალების დაპირისპირების ფონზე განხორციელდა. იანვრის დასაწყისში ალ-ყაიდას წევრებმა ბაღდადის დასავლეთით მდებარე ქალაქების რამადისა და ფალუჯის ზოგიერთი რაიონი დაიკავეს, ხელისუფლებამ ამ დრომდე ტერორისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლი ვერ აღადგინა. ერაყის პრემიერმინისტრი ნური ალ-მალიკი მსოფლიოს დახმარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სუნიტებსა და შიიტებს შორის მიმდინარე ბრძოლა ხანგრძლივი იქნება და თუ მსოფლიო ჩუმად იქნება, რეგიონს ქაოსი ემუქრება.





