ვერტმფრენი

ეკონომიკის სამინისტრო 2 ვერტმფრენის გაყიდვას უშედეგოდ ცდილობს

ევროკოპტერი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვერ ახერხებს მის ბალანსზე არსებული ფრანგული წარმოების, Super Puma-ს ტიპის 2 ვერტმფრენის გაყიდვას, რომელიც რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ შეიძინა.

ეკონომიკის სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ ვერტმფრენები ამჟამად გაყიდვის რეჟიმშია, თუმცა, შუამავალმა კომპანიამ ჯერ კიდევ ვერ მონახა ისეთი მყიდველი, რომელიც ვერტმფრენებში სამინისტროს მიერ მოთხოვილ თანხას გადაიხდის. ვერტმფრენები ამჟამად სპეციალურ სადგომზე დგანან, სადაც მომავალი პატრონის გამოჩენამდე უვლიან.

აღნიშნული ვერტმფრენების გაყიდვის საკითხი საზოგადოების ყურადღების ცენტრში გასულ წელს მოხვდა. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ფრანგული ვერტმფრენების გაყიდვას. მისი თქმით, ამ ვერტმფრენების გამოყენება შეიძლებოდა როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო და სამაშველო მიზნებისთვის. სააკაშვილის თქმით, საქართველოს არ ჰყავდა საკმარისი რაოდენობის სამაშველო ვერტმფრენი და ამ საფრენი აპარატების ამ მიზნით გამოყენება იდეალური იქნებოდა ქვეყნისთვის.

ამჟამინდელი ხელისუფლების განცხადებით კი, ფრანგული ვერტმფრენები ძვირადღირებულია, 30 მილიონ აშშ დოლარადაა ნაყიდი, ფუფუნებისთვისაა განკუთვნილი და სწორედ ამიტომ გადაწყდა მათი გაყიდვა. ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ვერტმფრენების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით მთავრობა უფრო მეტი რაოდენობის საფრენი აპარატის შეძენას შეძლებს.

სამაშველო ვერტმფრენების ნაკლებობის პრობლემა საქართველოში აქტუალური 2 დღის წინ გახდა, როცა მთაში, არხოტში, 26 წლის ერეკლე ჭინჭარაული გაიყინა. ის მეგობართან ერთად მესაზღვრეებისკენ მიდიოდა ახალი წლის მისალოცად, თუმცა, ყინულზე ფეხი დაუცდა, წყალში ჩავარდა და დასველდა. იმის გამო, რომ ხეობაში ტელეფონი არ იჭერს, ჭინჭარაულის მეგობარი მაშველების დასაძახებლად წავიდა. დაგვიანებით მისულ სამაშველო ბრიგადას ჭინჭარაული გაყინული დახვდა.

ერეკლე ჭინჭარაულის გარდაცვალების ფაქტს ფეისბუქში ბარისახოს ექიმი ლელა გაბურიც გამოეხმაურა. ექიმის განცხადებით, ვერტმფრენი შემთხვევის ადგილზე მალევე რომ მისულიყო, ახალგაზრდა გადარჩებოდა: "არ ვიცი რა ვთქვა, როგორ გამოვხატო პროტესტი, ვის მიმართ, რის მიმართ! 25 წლის ახალგაზრდა ხევსური, ულამაზესი, ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე მხოლოდ იმიტომ დაიღუპა ხევსურეთში, რომ ქვეყანას ოპერატიული, სამაშველო ვერტმფრენი არ ჰყავს, რომ დაურეკო და მოფრინდეს ერთ საათში მაინც! ვერტმფრენი გამოვიძახეთ 9 საათზე და მოფრინდა პირველ საათზე! თოვლში დარჩენილი, გაყინული ახალგაზრდა - ერეკლე ჭინჭარაული ცოცხალი იყო და ერთ საათში რომ მისულიყო რეანიმაციის ბრიგადა ადგილზე, არ მოკვდებოდა".

კომენტარები