თბილისის ბიუჯეტი

ზუმბაძე: თბილისის ბიუჯეტი შესაძლოა, კიდევ რამდენჯერმე ჩავარდეს

timer.ge

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - თბილისელების თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის განცხადებით, ალბათობა, რომ თბილისის ბიუჯეტი კიდევ რამდენჯერმე ჩავარდეს, დიდია. ზუმბაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოში გუშინ მომხდარი ფაქტი უპრეცედენტოდ შეაფასა.

მისი თქმით, თბილისში დამთავრდა საკრებულოს წევრების მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ბიუჯეტის მიმართ. მეორე მხრივ კი, ზუმბაძის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო მეტად ავალდებულებს თბილისის მერიის წარმომადგენლებს, მეტი ინტენსივობითა და პასუხისმგებლობით იმუშაონ საკრებულოს წევრებთან და კომისიებთან, რათა ბიუჯეტის ოპტიმალური ვარიანტი მიიღონ.

გულიკო ზუმბაძე მერიას მიმართავს 2-3 კვირის განმავლობაში დაიწყოს მუშაობა საკრებულოს ფრაქციებთან და კომისიებთან, რათა პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს შენიშვნები ახალ პროექტში გათვალისწინებული და ასახული იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრაქცია ქართული ოცნება - თბილისელების თავმჯდომარის შეფასებით, თბილისელები ნამდვილად დაზარალდებიან და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას სერიოზული საფრთხე შეექმნება.

"საკრებულოს შენიშვნები, მცირე გამონაკლისის გარდა, ძალიან ობიექტურია", - აღნიშნა ზუმბაძემ.

თბილისის მერის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით კი, დედაქალაქის მთავრობა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შეცვლას არ აპირებს. მისი თქმით, ბიუჯეტში თანხები ზუსტად იმ მოცულობით არის გაწერილი, რაც სჭირდება ამა თუ პროექტს.

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდება. დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა. 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

კომენტარები