რუსეთი

ვოლგოგრადში ტროლეიბუსის აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში რიგით მეორე ტერაქტი მოხდა. დღეს, 30 დეკემბერს დილით ასაფეთქებელი მოწყობილობა მგზავრებით სავსე ტროლეიბუსში ამოქმედდა. აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაუღუპა, 23, მათ შორის - ერთი წლის ბავშვი, დაშავდა. მძიმედ დაშავებულები მოსკოვში გადაიყვანეს. სამართალდამცავების ვერსიით, ბომბი ტროლეიბუსის სალონში იყო ჩადებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი აფეთქების სიმძლავრე გუშინ ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებას ბევრად აღემატებოდა. სადგურზე აფეთქების შედეგად მსხვერპლის რიცხვმა 17 ადამიანი შეადგინა, 40-ზე მეტი დაშავდა. ოფიციალური ვერსიით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ვოლგოგრადში პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

კომენტარები