ვოლგოგრადის ტერაქტი

ვოლგოგრადის ტერაქტს ბოლო მონაცემებით 15 ადამიანი ემსხვერპლა

bbc.com

ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 15 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 34 დაშავდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურის შესასვლელში თავი 12:45 საათზე აიფეთქა.

ეს უკვე მეორე სისხლიანი შემთხვევაა სამი დღის განმავლობაში, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ემზადება.

სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ტერორისტმა ნაღმი მოქმედებაში მას შემდეგ მოიყვანა, რაც სადგურის შესასვლელში მეტალოდეტექტორი შენიშნა.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აფეთქება ქალმა თვითმკვლელმა განახორციელა. მან მეტალოდეტექტორის მახლობლად პოლიციელი შენიშნა, ანერვიულდა და ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, ტერორისტს მოსაცდელ დარბაზში რომ შეეღწია, რადგან რამდენიმე მატარებლის რეისი დაგვიანდა და სადგურში ძალიან ბევრი ხალხი იმყოფებოდა" - აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ვლადიმირ მარკინი.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა მიიღონ განსაკუთრებული ზომები, რათა რუსეთის ქალაქებში უსაფრთხოება დაცული იყოს.

მომხდარის გამო, ვოლგოგრადში პირველიდან 3 იანვრის ჩათვლით გლოვა გამოცხადდა.

ვოლგოგრადს სოჭთან, სადაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს 690 კილომეტრი აშორებს.

27 დეკემბერს, სოჭიდან 270 კმ დაშორებით მდებარე ქალაქ პიატიგორსკში მანქანაში დამონტაჟებული ნაღმი აფეთქდა, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

21 ოქტომბერს კი, ვოლგოგრადში დაღესტნელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი ავტობუსში აიფეთქა, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები