გიგა ბოკერია

ბოკერია: მთავრობა იჩენს სრულ ფუნდამენტურ უწიგნურობას ეკონომიკაში

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველი პოლიტიკური ძალის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მთავრობა ფოკუსირებულია პოლიტიკური ოპონენტების დემონიზაციაზე, ასევე, იჩენენ სრულ ფუნდამენტურ უწიგნურობას ეკონომიკაში.

"მათ შექმნეს მოლოდინი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში, რომ მილიარდერი სახელმწიფოთან ერთად მოაგვარებდა ყველა პრობლემას და რეალურად კი, არ გადადგეს არც ერთი საკვანძო ნაბიჯი ეკონომიკის განვითარებისთვის. პირიქით, გაუშვეს სიგნალები, რომელმაც მოგვიტანა ეკონომიკური სტაგნაცია და შეარყია ის სწორი ფუნდამენტი, რომელზეც იდგა ჩვენ ქვეყანა" - ამბობს ბოკერია ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას.

ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ ზემოთაღნიშნულ უარყოფით სიგნალებს საქართველოს მთავრობა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აბრალებს, რაზეც ბოკერია პასუხობს, რომ ესეც უკიდურეს არასერიოზულობად მიაჩნია.

"იმის მოგონება, რომ ოპოზიციური გუნდის ლიდერმა პრეზიდენტმა შეძლო, ხელი შეეშალა მათთვის, არის სრული სისულელე და ეკონომიკური უცოდინრობა" - აღნიშნავს ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი და დასძენს, რომ ქვეყანამ ერთი წლის თავზე მიიღო ერთი მილიარდით გარღვეული ბუჯეტი.

"მას შემდეგ, რაც ცხრა წლის მანძილზე არ გვსმენია მსგავსი რამ და ბიუჯეტი იზრდებოდა ყოველწლიურად. თან, ბოლო წამამდე, წმინდა წყლის სირაქლემას პოზაში იყვნენ და არ აღიარებდნენ გარღვევას. ჩვენ გვაქვს საფრთხე, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ქვეყანა უკან წავა ყველა მიმართულებით" - აცხადებს ბოკერია.

კომენტარები