გამარტივებული სავიზო რეჟიმი

სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების ვადამ ორი წლით გადაიწია

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტმა ახალი კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების ვადამ ორი წლით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე, გადაიწია. საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცება კი ერთ-ერთი წინაპირობაა იმისთვის, რომ  ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო გადაადგილების უფლება.

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა უარყოფითად აფასებს მიღებულ ცვლილებას, რომელიც ფართო განხილვის გარეშე იქნა მიღებული. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დროულად შესრულებას, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება უვიზო მიმოსვლის დაჩქარების პროცესზე.

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

• უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების ვადის გადაწევის მიზეზებთან დაკავშირებით;

• წარმოდგენილი მიზეზის გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებას;

• „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს მორიგი ცვლილება, რომელიც გადმოწევს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების ვადას;

• მოკლე ვადაში განისაზღვროს წამყვანი უწყება, რომელიც იმუშავებს საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავებაზე;

• საქართველო-ევროკავშირს შორის გასაფორმებელი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფილ იქნას სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება.

ვადის გადაწევა შემდეგი მიზეზით დასაბუთდა: „აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებისთვის საჭიროა უწყებათშორისი ჯგუფების კომპლექსური მუშაობა. სამუშაო ჯგუფების მიერ უნდა შემუშავდეს წინადადებები საქართველოს საზღვრის მართვის“, - ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში. 

კომენტარები