თუ დღეს, ხვალ და ზეგ არ იქნა ზუსტი პასუხები ფარცხალაძის თემაზე, ეს თემა კიდევ უფრო დამძიმდება და უცხოეთში გვექნება დიდი პრობლემები. ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში ექსპრემიერის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, ერთმანეთში არ უნდა აირიოს ორი თემა: სისხლის სამართლის საქმეები და ის თუ როგორი ბიჭია ფარცხალაძე - კარგი თუ ცუდი. „ პერსონა ფარცხალაძე იქნება თუ არ იქნება ეს საქმეები ბოლომდე უნდა მივიდეს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ ფარცხალაძე ღირსეული პიროვნებაა და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, შექმნილ ვითარებაში მან „შესაბამისი გადაწყვეტილება“ უნდა მიიღოს.
„მე არ ვიცი რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ დამთავრდება. კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია. მე ამას ვხედავ“, - განაცხადა ხუხაშვილმა. მისი თქმით, პირდად მან თავისი გადაწყვეტილება დიდი ხანია მიიღო და ხელისუფლებიდან წამოვიდა მაშინ, როცა „ათასი სიბინძურე იწერებოდა. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ბევრ სხვა საშუალო რგოლის ჩინოვნიკზე აქვს დოსიეები და ეს დასაფიქრებელი საკითხია. „რა მემკვიდრეობა ერგო ამ ხელისუფლებას საშუალო რგოლში? ეს მანქანა როგორ მუშაობდა ჩვენ ხომ ვიცით. ეს, ვისზეც გამჟღავნდა და ვისზეც არ გამჟღავნებულა, როგორ გავიგოთ, ვისზე მუშაობს ეს ხალხი - ხელისუფლებაზე თუ ნაციონალურ მოძრაობაზე ამ კომპრომატების გამო?“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის თქმით, თუკი ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე ზუსტი და მკაფიო პასუხები არ იქნება გაცემული, ეს საქმე მხოლოდ გააძლიერებს ნაციონალური მოძრაობის კონტექსტს, რომ ხელისუფლება თავისი ოპონენტების პოლიტიკურ დევნას ეწევა.





