რუსეთი

ხოდორკოვსკი პოლიტიკურ საქმიანობას არ აპირებს

Reuters

მიხაილ ხოდორკოვსკიმ გათავისუფლების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. მედიასთან შეხვედრა ბერლინის კედლის მუზეუმში გაიმართა, სადაც პუტინის მიერ შეწყალებული ბიზნესმენი მშობლებთან ერთად მივიდა. ხოდორკოვსკიმ განაცხადა, რომ პუტინს შეწყალების თხოვნით მიმართა, თუმცა დანაშაული არ უღიარებია.

ხოდორკოვსკის განცხადებით, გათავისუფლების შემდეგ გერმანიაში მისი გამგზავრება მისი არჩევანი არ ყოფილა და ის თვითმფრინავამდე ბადრაგმა მიაცილა.
ხოდორკოვსკი აცხადებს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას და ხელისუფლებისთვის ბრძოლას არ აპირებს, ასევე ჯერჯერობთ არ ფიქრობს რუსეთში დაბრუნებას.

„არ ვაპირებ პოლიტიკურ საქმიანობას. ამის შესახებ პუტინს ჩემს წერილში მივწერე და არაერთხელ დავადასტურე. ვაპირებ საზოგადოებრივ საქმიანობას. ძალაუფლებისთვის ბრძოლა ჩემი საქმე არ არის", - განაცხადა ხოდორკოვსკიმ.

საკუთარ გათავისუფლებას იგი უკავშირებს პუტინის სურვილს, ოლიმპიადის წინ ქვეყნის იმიჯი გააუმჯობესოს.

„რუსეთში ჯერ კიდევ რჩებიან პოლიტპატიმრები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული იუკოსის (ხოდორკოვსკის კომპანიის) საქმესთან. მინდა გთხოვოთ, ნუ აღმიქვამთ მე, როგორც იმის სიმბოლოს, რომ რუსეთში პოლიტპატიმრები აღარ არიან. მინდა რომ თქვენს თვალში ვიყო სიმბოლო იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას შეუძლია მიაღწიოს ისეთი ადამიანების გათავისუფლებას, რომელთა გარეთ გამოსვლას ვერავინ წარმოიდგენდა", - მიმართა შეკრებილებს ყოფილმა პატიმარმა.

მან მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და გერმანელ დიპლომატებს, რომლების მისი გათავისუფლების საქმეში იყვნენ ჩართულნი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2003 წლიდან პატიმრობაში მყოფი მიხაილ ხოდორკოვსკი 20 დეკემბრის ბრძანებით შეიწყალა.

 

კომენტარები