საქართველო-რუსეთი

პუტინი: საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება შევცვალე

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს, 19 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მისი დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან თბილისის მხრიდან გარკვეული „გზავნილები" მოდის. პუტინმა კვლავ აღნიშნა, რომ 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე რუსეთი პასუხს არ აგებს, ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამორიცხავს.

„მიმაჩნია, რომ შეგვიძლია უვიზო რეჟიმის დაბრუნებაზე წავიდეთ. ამის შესახებ ექსპერტების დონეზე კარგად უნდა ვიმსჯელოთ. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნებოდა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა.

მისი თქმით, ვიზების გაუქმება ხელს შეუწყობდა ადამიანებს შორის ურთიერთობას, ასევე დაეხმარებოდა ქართულ საწარმოებს, რომლებსაც რუსეთის ბაზარზე მუშაობა სურთ. პუტინი მიიჩნევს, რომ ვიზების გაუქმება პირობებს შექმნიდა „ჩვენი ურთიერთობის ფუნდამენტური, საბოლოო ნორმალიზებისთვის".

მან ასევე განაცხადა, რომ „პირადად ჩემი დამოუკიდებულება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ შეიცვალა. ჩვენ ვხედავთ სიგნალებს, რომელსაც საქართველოს ახალი ხელისუფლება გვიგზავნის".

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხის მიმართ მას ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, 2008 წლის ომის დროსაც. „არსებობს პრობლემები, რაც არა ჩვენი მიზეზით შეიქმნა. საბრძოლო მოქმედებები ჩვენ არ დაგვიწყია, დღეს ეს სავსებით ნათელია და ეს ყველამ აღიარა", - აღნიშნა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ 18 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ჯერ არ არის მზად საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისათვის. 

 

კომენტარები