გიგი უგულავას საქმე

ბაქრაძე: ხელისუფლებამ ძირითად პრიორიტეტად კვლავ შურისძიების გაგრძელება აირჩია

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, "ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ძირითად პრიორიტეტად კვლავაც აირჩია დაპირისპირება და შურისძიების გაგრძელება". ამ კომენტარით ბაქრაძე თბილისის მერის გიგი უგულავასთვის ახალი ბრალის წაყენებას გამოეხმაურა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, მეტი ინვესტიცია, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი შემოსავალი ადამიანებს.  უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი - შურისძიება, დაპირისპირება, დაკითხვებზე დაბარება - ვერანაირად ვერ დაეხმარება მთავრობას ამ მიზნის მიღწევაში, პირიქით, ეს მოიტანს მეტ გაურკვევლობას, მეტ დამფრთხალ ინვესტორს, მეტ კითხვის ნიშანს და კრიტიკას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან" - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თბილისის განვითარების ფონდისთვის, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება.

საუბარია 48 მლნ ლარის გაფლანგვაზე, რომელიც პროკურატურის განცხადებით, არა თბილისის განვითარებას, არამედ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოხმარდა.

კომენტარები