საპროტესტო აქციები კიევში

ენმ-ის წევრები უკრაინელების მხარდასაჭერად კიევში გაემგზავრნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატავად კიევში გაემგზავრნენ. მათი განცხადებით, ქართველი ხალხი რთულ პერიოდში უკრაინას ისევე უნდა ამოუდგეს მხარში, როგორც უკრაინელები უჭერდნენ მხარს თბილისს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

"ჩვენი ვალია, ამ მძიმე წუთებში, როცა უკრაინელი ხალხი გამოხატავს თავის ნებას და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მშვიდობიანად წარიმართოს, ვიყოთ მათ გვერდით. ისევე როგორც თავის დროზე უკრაინა იდგა ჩვენი დამოუკიდებლობის და მთლიანობის სადარაჯოზე და გვიცხადებდა სოლიდარობას", - უთხრა კიევში ჩასულმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერის დავით საყვარელიძის განცხადებით კი, უკრაინას მორალური უფლება აქვს, რომ ევროპის ნაწილი იყოს.

"როცა საქართველოს ჰქონდა მძიმე წუთები, უკრაინელი ხალხი, პოლიტიკოსები და ლიდერები იდგნენ საქართველოს გვერდით. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს, რომელსაც აქვს მორალური უფლება იყოს ევროპის ნაწილი, დავუდგეთ გვერდით და მაქსიმალურად გამოვხატოთ ჩვენი პარტიის პოზიცია ამ ქვეყანაში", - აღნიშნა საყვარელიძემ.

კიევში იმყოფება დეპუტატი სერგო რატიანიც. მისი შეფასებით, უკრაინაში დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის, მათ შორის, საქართველოს ბედიც წყდება.

"ჩვენ ამ წლების განმავლობაში გამოვხატავდით ერთმანეთის მხარდაჭერას და ეს გრძელდება ახლაც, როცა გადამწყვეტი წუთებია უკრაინისთვის და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცისთვის", - თქვა რატიანმა.

უკრაინაში უკვე რამდენიმე დღეა აქციები მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით იმართება. საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა გახდა.

უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 1 დეკემბერს სპეცრაზმთან შეტაკების შემდეგ სამედიცინო დახმარება 165 ადამიანს დასჭირდა, 109 კი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.

კომენტარები