პატიმრების შეწყალება

ომბუდსმენი პრეზიდენტს ეთნიკურად ოსი რამდენიმე პატიმრის შეწყალებას სთხოვს

news.ge

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უახლოეს მომავალში საქართველოს პრეზიდენტს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ეთნიკურად ოსი რამდენიმე პატიმრის შეწყალების ინიციატივით მიმართავს. როგორც ნანუაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ პატიმრები ორივე მხარემ გაცვალოს.

"ჩვენი ინიციატივა უკავშირდება ეთნიკურ ქართველებსა და ეთნიკურ ოსებს, რომლებიც შესაბამისად იმყოფებიან ცხინვალის საპყრობილეში და თბილისისა და რუსთავის სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ განცხადება, რომ უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულების გაცვლა. სამწუხაროდ, ეს პროცესი შეჩერდა. უახლოესი დღეების განმავლობაში მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ რამდენიმე პატიმარი შეიწყალოს. ზოგადად, ეს პროცესი უნდა დაიწყოს, რადგან ბევრი ადამიანი ელოდება ამას. ჩვენი ინფორმაციით, 12 ადამიანი იმყოფება ცხინვალის საპყრობილეში, ქართულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კი, ათამდე ეთნიკურად ოსი. ჩემი ინფორმაციით, ქართველებს, რომლებიც ცხინვალის საპყრობილეში იმყოფებიან, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიუსაჯა სხვადასხვა სანქცია. ჩვენი მიზანია, რომ შერიგების პროცესი დაიწყოს მსგავსი ჰუმანური აქტით", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ამ საკითხზე პოზიტიური განწყობაა.

"მე არ ვიცი დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია, თუმცა, ვიცი ცხინვალში მომუშავე არასამთავროებო ორგანიზაციებისა და მედიის პოზიცია. როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ პირველი განცხადება გავაკეთეთ, დიდი გამოხმაურება იყო მათი მხრიდან. შესაბამისად, არის პოზიტიური განწყობა. ჩემი ინფორმაციით, ელოდებიან და მზად არიან ანალოგიური ნაბიჯის გადასადგმელად", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ ქართულ საპატიმროებში მყოფ ეთნიკურად ოსებს - იოსებ კოჩიევს, გიგო ვალიშვილს, გიორგი ზასაევს, ალიკა თედეევს და რამდენიმე ოს ქალბატონს შეხვდა. ნანუაშვილის ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან ტერაქტის, ჯაშუშობის და სხვა ბრალდებით. 

კომენტარები