საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის ვარდნას სეზონურ ფაქტორებს უკავშირებს.
"ეს არის ჩვეულებრივი მოკლევადიანი რყევები, რომელიც ლარის კურსს ყოველთვის ახასიათებდა. ყოველთვის იქნება ლარის მერყეობა ორივე მიმართულებით - როგორც გამყარების, ასევე გაუფასურების მიმართულებით. ამ ეტაპზე ეს არის დაკავშირებული წმინდა წყლის სეზონურ ფაქტორებთან. რაც შეეხება მოკლევადიან, საშუალოვადიან ან ნებისმიერი ტიპის ფინანსურ სტაბილურობას, ფინანსური სტაბილურობის გარანტი არის ეროვნული ბანკი. ჩვენ გაგვაჩნია ფინანსური, ინფრასტრუქტურული, ადამიანური რესური ამისთვის. არაერთხელ დაგვიმტკიცებია ეს წარსულშიც. ზუსტად ამიტომ არის საბანკო სექტორის მიმართ ნდობა ასეთი მაღალი მთელი ამ წლების განმავლობაში", - თქვა ქადაგიძემ.
ეროვნული ვალუტა ლარი უკვე მეოთხე დღეა აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 23 ნოემბერს 1.6821 ლარი ღირდა, დღეს, 28 ნოემბერს კი 1 აშშ დოლარი 1.6878 ლარი ღირს.
1 ევროს ღირებულება 22 ნოემბერს 2.2519 ლარი იყო, 28 ნოემბერს კი 1 ევროს ღირებულებამ 2.2944 ლარს მიაღწია.





