საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თბილისის მერის თანამდებობაზე დავით ნარმანიას დასახელებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ნარმანია "მერობის ნებისმიერი მსურველის სერიოზული კონკურენტი იქნება."
უსუფაშვილის თქმით, დავით ნარმანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრია. "კოალიციამ დაიწყო მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, როგორც თითმმართველობის რეფორმის თვალსაზრისით, ისე ძირითადი პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად. დარწმუნებული ვარ, დავით ნარმანია თბილისის მერობის ნებისმიერი მსურველის სერიოზული კონკურენტი და თბილისის ძალიან კარგი მერი იქნება", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ დაირღვევა კანონი, თუ დავით ნარმანია წინასაარჩევნო კამპანიას მინისტრის რანგში წარმართავს, დავით უსუფაშვილმა უპასუხა, რომ კოალიცია კანონის დარღვევას არ აპირებს.
"კანონდარღვევა არ ყოფილა, როდესაც გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრობისას კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა და ცხადია, კანონი არც დავით ნარმანიას შემთხვევაში დაირღვევა. დავით ნარმანია მინისტრის პოსტზე საქმიანობას განაგრძობს", - თქვა უსუფაშვილმა.





