საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის დავით ნარმანიას კანდიდატურის თბილისის მერის თანამდებობაზე წამოყენებაზე კომენტარებისას თქვა, რომ "საქართველოში პოლიტიკოსი მერის დრო უნდა დამთავრდეს".
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება მეურნე ადამიანი, ვინც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს ქვეყნის კეთილდღეობაზე. „ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც იზრუნებს ქვეყნის კეთილდღეობაზე და არა ისეთი ხალხი, რომელიც ჯერ საკუთარ კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნავს და ბოლოს ფიქრობს ხალხზე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ დაირღვევა კანონი, თუ დავით ნარმანია მინისტრობის პერიოდში ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება კანონს არ დაარღვევს. „ჩვენი ხელისუფლება მომავალშიც იქნება საზოგადოებაზე ორიენტირებული", - თქვა ღარიბაშვილმა.
თბილისის მერის თანამდებობაზე ნარმანიას კანდიდატურა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც შეაფასა. მისი თქმით, ნარმანია აღნიშნულ თანამდებობას იმსახურებს.”"დავით ნარმანია არის აკადემიური, დალაგებული და დაბალანსებული ემოციების ადამიანი. ის არის სახე, როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი", - თქვა ივანიშვილმა.





