საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ილია მეორე მრევლს 23:00-ზე დაძინებისკენ და 06:00-ზე გაღვიძებისკენ მოუწოდებს

ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას წარმოთქმულ ქადაგებაზე მრევლს მოუწოდა დაწვეს 23:00 საათზე და ადგნენ 06:00 საათზე.

"ყველა ადამიანს და ერს გააჩნია ისეთი თვისებები, რომელიც არ გააჩნია სხვა ადამიანს ან სხვა ერს. ჩვენი უარყოფითი თვისება არის, რომ არ ვაფასებთ დროს. დრო - ეს უძვირფასესი რამ არის, რაც უფალმა მოგვანიჭა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ დროის ფასი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უქმად განვლილი დრო დაკარგულია და შეიძლება ცოდვაც იყოს. წმიდა მამა ანტონი დიდი და სხვა წმიდა მამები უფალს ევედრებოდნენ, თუ როგორ ვიცხოვროთ, რა გავაკეთოთო, საერთოდ ვაკეთოთ რამე, თუ მარტო ვილოცოთო.

მათ ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა - ილოცეთ და იშრომეთო და ამიტომ იყო, რომ წმიდა მამები შრომობდნენ, უდაბნოში მოღვაწეობდნენ და ამავე დროს კრეფდნენ ლერწამს, აკეთებდნენ კალათებს და ამით არსებობდნენ, რომ არ ჩათვლოდათ, რომ სხვის ხარჯზე ცხოვრობდნენ... ჩვენი ცუდი თვისება არის ის, რომ დიდხანს ვწევართ. გვიან დგება ქართველი ადამიანი. ვნახოთ, თუნდაც ევროპაში, სხვა ქვეყნებში სამსახური 6 ან 7 საათზე იწყება. უნდა ადგე ექვსის ნახევარზე ან ხუთ საათზე, რომ სამსახურში მისვლა მოასწრო.

ვინც ადრე დგება, მას უფალი მადლს აძლევს. ასევე, ვინც ადრე დგება, უნდა დაწვეს სულ გვიან, 10-11 საათზე...ძალიან კარგი თვისება და წესია, როცა ოჯახი ერთად ლოცულობს დილის ლოცვებს ან საღამოს ძილის წინ ლოცვებს ერთად კითხულობენ ან ერთი კითხულობს და სხვები უსმენენ. ეს კრავს და აძლიერებს ოჯახს. დიდ მადლს და სიხარულს ანიჭებს მათ. ერთმანეთი უყვართ და უხარიათ ერთმანეთთან შეხვედრა. ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ დაწვეთ ადრე, არა უგვიანეს 11.00 საათისა და ადგეთ 06:00 საათზე, როცა უნდა წაიკითხოთ დილის ლოცვა", - აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები