ბიუჯეტის ფული

iPhone 5-ებისა და სხვა უახლესი სმარტფონებისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული 264 000

დახვეწილი, მიმზიდველი და მოდური, 32GB შიდა მეხსიერების მქონე iPhone 5S, რომელიც კომპანია Apple-მა სულ რამდენიმე კვირის წინ გამოუშვა, ბაზარზე გამოსვლიდან მალევე აღმოჩნდა ერთ-ერთი ქართველი ჩინოვნიკის ჯიბეში, ამისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 900 ლარი დაიხარჯა.

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტომ უახლესი iPhone 5S-ის ყიდვა 2013 წლის ოქტომბერში გადაწყვიტა და შესაბამისი ელექტრონული ტენდერიც გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სააგენტომ ხელშეკრულება 1 ნოემბერს გააფორმა.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემიდან მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან 2013-ის ნოემბრის ჩათვლით, ახალი მობილურების შესაძენად ბიუჯეტიდან სულ 264 000 ლარი დახარჯა.

ქართველი ჩინოვნიკები თავიანთ არჩევანს ძირითადად Apple-სა და Samsung-ის უახლეს სმარტფონებზე აკეთებენ. განსაკუთრებით პოპულარულია iPhone 5 და Samsung Galaxy S III, Note 2 და Note 3.

ბოლო 12 თვის განმავლობაში, ახალ მობილურ ტელეფონებში, ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი ფული შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მასზე დაქვემდებარებულმა უწყებებმა დახარჯეს, სულ - 75 500 ლარამდე. მაგალითად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა რამდენიმე თვის წინ 8 ცალი iPhone 4s 16GB ერთ ჯერზე შეიძინა, თითოეულის ღირებულება 1 129 ლარია. იმავე დეპარტამენტს იმავე მოდელის 3 სმარტფონში 2012 წლის დეკემბერში 3 570 ლარი აქვს გადახდილი. გარდა ამისა, შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ 2 ეგზემპლარი iPhone 4s 16Gb 2 610 ლარად იყიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტებისთვის ასევე ნაყიდი აქვს Nokia-ს მოდელის რამდენიმე ასეული ტელეფონი, თითოეულის ღირებულება კი 30-40 ლარია.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 19 ნოემბერს დაიწყო. უწყებას 2 ტელეფონს ყიდვა აქვს განზრახული, რომლებშიც ჯამში 3600 ლარს გადაიხდის. ტენდერი ჯერ არ დასრულებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ახალი ტელეფონების შესაძენად ყველაზე მეტი ფული თბილისის მერიამ დახარჯა, სულ - 37 754 ლარი. თბილისის მერიას ბიუჯეტის ფულით, ყველაზე მეტი, 17 iPhone 5 და iPhone 4s აქვს ნაყიდი.

დედაქალაქის მერიამ ბოლო მოდელის სამი iPhone 5 32GB მიმდინარე წლის ოქტომბერში შეიძინა, თითოეულის ღირებულება 1 470 ლარია. იმავე მოდელის ტელეფონები მერიამ 2013 წლის იანვარში, მაშინაც იყიდა, როცა ბაზარზე ახალი გამოსული იყო.

ახალი iPhone-ების სიყვარულში თბილისის მერიას არც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩამორჩება. უწყებამ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ 11 ტელეფონი იყიდა, თუმცა, მათ შესაძენად 13 874 ლარი დახარჯა.

ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები უპირატესობას, ძირითადად, iPhone 5-სა და Samsung Galaxy S III-ს ანიჭებენ. სამინისტროს ყველაზე დიდი თანხა - 1 770 ლარი iPhone 5 64GB-ის საყიდლად აქვს გადახდილი.

ბოლო ერთ წელიწადში მუნიციპალური განვითარების ფონდმა 31 ტელეფონის შესაძენად 25 800 ლარი გაიღო, აქედან 24 000 ლარი 30 ეგზემპლარი Samsung S7710 Galaxy Xoover 2-შია გადახდილი, 1 800 ლარი კი iPhone 5 32GB-ში.

იუსტიციის სამინისტროს 12 თვეში 54 ტელეფონის შესაძენად 12 453 ლარი აქვს დახარჯული. ნაყიდ ტელეფონებს შორის არის რამდენიმე, 1 200 ლარამდე ღირებულების Blackberry-ის სმარტფონი და Nokia-ს ასეულობით, დაბალფასიანი ტელეფონი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 17 ტელეფონი 9 861 ლარად აქვს ნაყიდი, მათ შორის, რამდენიმე iPhone 4s 16Gb.

7 ტელეფონის საყიდლად 6 000 ლარი აქვს დახარჯული ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 ტელეფონისთვის კი - 5 660 ლარი.
ახალი ტელეფონებისთვის შედარებით მცირე თანხა - 2 855 ლარი აქვს გაღებული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

ერთი ეგზემპლარი iPhone 5 64Gb საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 1 920 ლარად იყიდა. იმავე დეპარტამენტმა ასევე შეიძინა უახლესი Samsung Galaxy Note 3, რაშიც 1 620 ლარი გადაიხადა.

ახალი ტელეფონებისთვის 18 688 ლარი აქვს დახარჯული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. უწყებას არჩევანი, ძირითადად, Samsung-ის, HTC-სა და Apple-ს ტელეფონებზე აქვს შეჩერებული.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ახალი ტელეფონებისთვის ბოლო 12 თვეში ბიუჯეტიდან 4 344 ლარი აქვს დახარჯული, ცესკოს - 1 885 ლარი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 14 240 ლარი, აბაშის მუნიციპალიტეტს - 5 200 ლარი, თელავს - 1 000, ფოთს კი - 7 549 ლარი. ამ უკანასკნელს 1 399 ლარი ახალი iPhone 5 16GB-ის შესაძენად აქვს გაღებული.

კომენტარები