სამთავრობო პროგრამა

ახალი შენობები, იმიგრანტების გაძევება და ნეიტრალურობა შსს-ს პრიორიტეტებში

RFE/RL

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა, სადაც სხვადასხვა პრიორიტეტებს შორის, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე.

სამთავრობო პროგრამის მიხევდით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი მიზანია მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. შსს-ში გაგრძელდება დეპოლიტიზების აღებული კურსი. უცვლელი დარჩება შსს-ს სისტემაში 2013 წელს დამკვიდრებული მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის პრაქტიკა საარჩევნო პროცესებთან მიმართებით. პოლიცია თავის საქმიანობას წარმართავს კანონის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების სრული დაცვით.

პოლიცია ორიენტირებული იქნება საზოგადოებასა და მის საჭიროებებზე. ერთ-ერთი პრიორიტეტი არის პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოლიციის საქმიანობაში ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონიერების, პროპორციულობის, თანასწორობისა და ნეიტრალურობის პრინციპების დაცვას. გაიზრდება საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის შესაძლებლობები: აშენდება პოლიციის ახალი შენობები; განახლდება საპატრულო პოლიციის ავტოპარკი; გაიზრდება საპატრულო პოლიციის მოქმედების არეალი; გაუმჯობესდება შსს-ს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის შესაძლებლობები.

სამთავრობო პროგრამში წერია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამინისტროს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი სისტემების, მათ შორის, პროაქტიული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სისტემების დანერგვა/გაუმჯობესებას. დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების დროებითი მოთავსების იზოლატორების (დმი) გახსნა, ასევე არსებული იზოლატორების რეაბილიტაცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, თანამშრომელთა ტრენინგების ჩატარება.

"შსს ხელმძღვანელობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ნარკოტიკულ საშუალებათა არალეგალური ბრუნვის შემცირება. გაძლიერდება ბრძოლა ტრეფიკინგის წინააღმდეგ.

დიდი ყურადღება დაეთმობა ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანებთან დაკავშირებული ძალადობის, ნარკომანიის, საგზაო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ბავშვთა დაცვის რეფერირების სისტემის გაუმჯობესებას.

დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების დროებითი მოთავსების იზოლატორების (დმი) გახსნა, ასევე არსებული იზოლატორების რეაბილიტაცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, თანამშრომელთა ტრენინგების ჩატარება", - წერია სამთავრობო პროგრამაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მნიშვნელოვანი სიახლე იქნება მიგრაციის სამსახურის ამოქმედება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ მიგრანტთა გამოვლენასა და გაძევებაზე. ექსპლოატაციაში შევა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, სადაც გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტები.

დაგეგმილია სასაზღვრო ინფრასტრუქტურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება.

შესაბამის უწყებებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო იქნება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების პოლიტიკა. უკვე შემუშავებულია ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია. შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.

შსს-ს ასევე დაგეგმილი აქვს საკანონმდებლო ინიციატივები, კერძოდ, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემის ძირეული რეფორმის, ტერორიზმთან ბრძოლის, საგზაო მოძრაობის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სახელმწიფო საიდუმლოების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის შემუშავება/დახვეწა, აგრეთვე,პოლიციის შესახებ და სამართალდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ახალი კანონების დანერგვისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნა.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომსახურების ხარისხის შენარჩუნებასა და  გაუმჯობესებას. მოხდება შსს-ს შესაძლებლობების განვითარება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისა და პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

გაღრმავდება საერთაშორისო თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და პოლიციის სფეროებში. ამ კუთხით, შსს-ს პრიორიტეტებია: ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში შსს-ს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კოორდინაცია, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გაღრმავება იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს რეფორმების განხორციელებას.

კომენტარები