საქართველო-ისრაელის ურთიერთობა

ღარიბაშვილმა ისრაელთან ვიზების გაუქმების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

facebook.com/GaribashviliOfficial

დღეს შს სამინისტროში საქართველოსა და ისრაელს შორის ეროვნული პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა, ხოლო ისრაელის მხრიდან – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ფაინა ქირშენბაუმმა. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისათვის ისრაელის სახელმწიფოში 6 თვის განმავლობაში 90 დღით უვიზოდ ყოფნას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა ხელი მოაწერეს დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას - საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი განსაზღვრავს მხარეებს შორის თანამშრომლობის წესებს ყველა იმ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საჯარო უსაფრთხოების სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება.

შსს-ს ცნობით, ზემოაღნიშნული შეთანხმებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მხარეები აუცილებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს დაასრულებენ.

კომენტარები