საქართველოს რკინიგზის და პროფკავშირების დაპირისპირება

საქართველოს რკინიგზისა და ახალი პროფკავშირების მოლაპარაკება ჩიხში შევიდა

რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა რადიკალური მოთხოვნების დაყენებით მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შეიყვანა - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ქმედება კომპანიის მიერ აღქმულია, როგორც გარედან კონტროლირებადი, მიმართული ცალკეული ლიდერების პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ცოტა აქვს საერთო რკინიგზის თანამშრომელთა ინტერესების დაცვასთან. ასევე საუბარია იმაზე, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებები საფრთხეს უქმნიან რკინიგზის იმიჯს და მზარდი ტვირთნაკადის პირობებში უარყოფითად მოქმედებენ სატრანსპორტო დერეფნის საიმედოობის აღქმაზე.

საქართველოს რკინიგზის განცხადებაში საუბარია იმ მოთხოვნებზე, რომლის გათვალისწინებაც მოხდა და იმ სოციალურ თუ ჯანდაცვის გაუმჯობესებულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ხდება და მოხდება.

საქართველოს რკინიგზის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წელს, თანამშრომელთა მოთხოვნების გათვალისწინებით, გაიზარდა ღამის, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში ნამუშევარი დროის ანაზღაურება, რაც 3500-ზე მეტ თანამშრომელზე გავრცელდა. მიმდინარეობს მუშაობა სახელფასო ბადეზე. აღნიშნული პროექტების ფარგლებში მოხდა ძირითად პროფესიებზე ხელფასის მატება. ბოლო კალენდარული წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურება გაიზარდა 30 მილიონი ლარით და სახელფასო სარგო გაეზარდა დასაქმებულთა 80%.

უკვე არსებულ ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტთან ერთად, ამოქმედდა კრიტიკული დაავადებების (კარდიოქირურგია, ონკოლოგია) დაფინანსების პროგრამა. ამ პროგრამით მსგავსი შემთხვევების დადგომისას, კომპანია რკინიგზელებსა და მათ ოჯახის წევრებზე გასცემს 6000 ლარამდე ფულად დახმარებას. დღეისათვის ასეთი დახმარებით ისარგებლა 50-ზე მეტმა თანამშრომელმა და გაცემულია 300 000 ლარზე მეტი.

გავითვალისწინეთ რა მზარდი მოთხოვნა უმაღლეს განათლებაზე, ხაშურსა და სამტრედიის სასწავლო ცენტრებში ვახორციელებთ აბიტურიენტთა უფასო სწავლებას უნარ-ჩვევებსა და უცხო ენებში.

ამოქმედდა რკინიგზელთა შვილების წახალისების პროგრამა. თითოეულ წარჩინებით სკოლადამთავრებულს გადაეცემა ჯილდო 500 ლარის ოდენობით.

მოქმედებს პროფესიული განათლების უწყვეტობის წამახალისებელი პროექტი - რკინიგზის თანამშრომლებს უფინანსდებათ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლების საფასური, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

ლოიალურობის პროგრამით საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 200 ლარიანი, ბავშვის დაბადებისას 500-ლარიანი, ხოლო პირველ კლასში წასვლისას 50 ლარიანი ფულადი დახმარება გაიცემა. შვებულებაში და პირველად პენსიაზე გასვლისას გაიცემა დანამატები შრომითი სტაჟის მიხედვით. ასევე გაიცემა ყოველთვიური დახმარება ვეტერან რკინიგზელებზე 2500 ლარის ოდენობით.

მიმდინარეობს სტრუქტურულ ერთეულებში შრომის პირობების (სანკვანძები, საშხაპეები) მოწესრიგების პროცესი. კომპანია მუშაობს არსებული სამუშაო იარაღებისა და სპეც.ტანსაცმელის უფრო ხარისხიანით ჩანაცვლებაზე. 
საქართველოს რკინიგზა მომავალშიც გეგმავს გააგრძელოს მუშაობა სოციალური, შრომის ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად. ამ მიზნების მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია ინტენსიური დიალოგი საიმედო სოციალურ პარტნიორთან, ასეთად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან ურთიერთობა გვესახება.

საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი სისტემატურ დიალოგს აწარმოებდა ორივე, დღეისათვის დარეგისტრირებულ პროფკავშირთან, აქტიური განხილვების შედეგად მათ გადაეცათ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტები, სადაც კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული თანამშრომელთა ინტერესები. თუმცა, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა რადიკალური მოთხოვნების დაყენებით ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკების პროცესი, კერძოდ: 

- მათ მიერ არ იქნა განხილული შეთავაზებული პროექტი წლიური შედეგების მიხედვით თანამშრომელთა პრემირების შესახებ;

- უარყოფილ იქნა ზედმეტად ნამუშევარი საათების დასვენების დღეებით ჩანაცვლების შეთავაზება - აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სრულ თანხვედრაშია ახალი შრომის კოდექსის მოთხოვნებთან;

-რაც შეეხება თანრიგების დაწესებას, ასევე სტაჟისა და დამსახურების მიხედვით თანამშრომელთა ანაზღაურებას, რკინიგზის ახალი პროფკავშირებისათვის ცნობილია, რომ აღნიშნული კომპლექსურად განიხილება ახალი სახელფასო ბადის დაწესების ფარგლებში.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ქმედება კომპანიის მიერ აღქმულია, როგორც გარედან კონტროლირებადი, მიმართული ცალკეული ლიდერების პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ცოტა აქვს საერთო რკინიგზის თანამშრომელთა ინტერესების დაცვასთან.

მსგავსი დესტრუქციული ქმედებები საფრთხეს უქმნიან რკინიგზის იმიჯს და მზარდი ტვირთნაკადის პირობებში უარყოფითად მოქმედებენ სატრანსპორტო დერეფნის საიმედოობის აღქმაზე.

"საქართველოს რკინიგზა" გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავაც გააგრძელოს მოლაპარაკებები ნებისმიერ მხარესთან, მათგან ყოველგვარი წინაპირობების წამოყენების გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, რკინიგზაში 14 ნოემბერს დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებით, ხვალ პროფკავშირების გაერთიანებაში არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი 14 ნოემბერს რკინიგზელთა საყოველთაო გაფიცვისთვის ემზადება.

კომენტარები