საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ვოლსკი: ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, ალბათ, ათმაგ ჩიხში ვიქნებოდით

radiotavisupleba.ge

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, გია ვოლსკის თქმით, ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, საქართველო რუსეთთან “ათმაგ ჩიხში იქნებოდა”. აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

ვოლსკიმ რუსული პირველი არხისთვის მარგველაშვილის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით უმცირესობის კრიტიკულ შეფასებებზე კომენტირებისას თქვა, რომ ამ თემაზე “ენის ჭარტალი და არასწორი შეფასებები ეროვნული უსაფრთხოების წინაშე დანაშაულია”.

“როცა ტერიტორიები ოკუპირებულია ან როცა ცუდ შედეგს ვითვლით, სახეზეა შეცდომები და არა მარტო შეცდომები, არამედ დანაშაულებრივი შეცდომები. უზნეობაა ყველანაირი ცრემლი, ვითომ სინანულის სიტყვა, უზნეობაა, რადგან შედეგი გვაქვს დაღუპული ადამიანები, დაკარგული ტერიტორიები და პოლიტიკური ჩიხი, რომელშიც ამ უზნეობამ, შეზავებული სტრატეგიული შეცდომებით შეგვიყვანა. როცა ინტერვიუს აკრიტიკებთ - ზუსტად უნდა ითქვას, რაც საჭიროა. ზუსტად იქაა დაფიქსირებული ოკუპაციის საკითხი, სადაც საჭიროა და იმ ჩიხიდან, რომელშიც ნაციონალურმა მოძრაობამ შეგვიყვანა -  გამოსვლაა საჭირო. დღესაც, ეს ენის ჭარტალი, არასწორი შეფასებები წინა შეცდომების გაუთვალისწინებლად არის დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინაშე. დავანებოთ თავი იმ არაადეკვატურობას, გულებიანი დროშის გამოფენას, პასპორტების უთავბოლო დარიგებას და რაღაც სისულელებს, მაგრამ როცა ეს გადადის დანაშაულებრივ სტრატეგიულ შეცდომებში, სახელმწიფოს ინტერესები ზიანდება. ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, ალბათ ათმაგ ჩიხში ვიქნებოდით და უფრო უარესი შედეგები გვექნებოდა”, - თქვა ვოლსკიმ.

ვოლსკიმ ოპონენტ კოლეგებს ურჩია, დაანებონ თავი ზედმეტ ლაპარაკს, “როცა ჩვენი შვილების მომავალი გვაქვს მოსაგვარებელი”.

კომენტარები