რუსულ-ქართული ურთიერთობები

ნორლანდი: მარგველაშვილმა რუსეთის პირველ არხთან საქართველოს პოზიცია გაიმეორა

აშშ-ის ელჩის საქართველოში რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, რუსეთის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პოზიცია გაიმეორა.

"იმის მიუხედავად, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, ქართული მხარე ცდილობს, დაამყაროს და გაუმჯობესდეს რუსეთთან ურთიერთობა რეგიონში ყველას უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით" - განუცხადა ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ბათუმში. მისივე თქმით, სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობის საკითხი მოგვიანებით გადაწყდება.

"რაც შეეხება სოჭის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობის საკითხს, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოგვიანებით, როცა ოლიმპიადა მოახლოვდება. ჩვენთვის გასაგებია, რატომ შეიძლება საქართველო იყოს იმედგაცრუებული არსებული ვითარებით და  მაინც ჰქონდეს სურვილი კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგას რეგიონში უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ცნობისთვის, საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პირველი არხის გადაცემა Воскресное Время-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი დისკრედიტებულია, ხოლო პუშკინიდან მოყოლებული, რუსებს საქართველოში ჩამოსვლა სურთ.

„ჩვენ იმიტომ ვუყურებთ ოლიმპიადას მოლოდინით, რომ ეს ემოცია კეთილი და სპორტული ნებისა, მისცემს სტარტს არა მხოლოდ რაღაც ახალ ურთიერთობებს რუსეთთან, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიწყებთ ძალიან პრობლემატური წერტილიდან. ჩვენ ვიწყებთ წერტილიდან, როცა სამწუხაროდ მოხდა ძალიან ტრაგიკული მოვლენა. დღეს ჩვენ შევეცდებით არ მივაყენოთ ერთმანეთს ტკივილი, ჩვენ შევეცდებით ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც გადაწყვეტადია დღეს და ვისაუბრებთ პერსპექტივაზე. და პერსპექტივა უნდა დაბრუნდეს კეთილმეზობლური ურთიერთობების წერტილისკენ. როგორია რუსეთის ინტერესები, როგორია საქართველოს ინტერესები, როგორია ინტერესები იმ ადამიანებისა, რომლებიც იქ იტანჯებიან - მოდი დავიწყოთ გადაწყვეტა აქედან. მე ვფიქრობ, რომ დრო უნდა გავიდეს. და თავად სააკაშვილი... დიახ, სააკაშვილია დისკრედიტებული ამ ომის შემდეგ. და მერე რა? რომელ რუსს აინტერესებს 10 წლის მერე, 20 წლის შემდეგ რაღაც ინტრიგა? არ აინტერესებს. რუსს სურს ჩამოვიდეს საქართველოში, სურს, რომ ქართველები ჩადიოდნენ, რომ იყოს კულტურული ურთიერთობები. და ყოველთვის ასე იყო ისტორიულად, პუშკინიდან მოყოლებული. აი, მათ სჭირდებათ. და ის, რომ სააკაშვილის მიერ იყო შექმნილი პრობლემები, ეს შარშანდელი თოვლია. რუსეთისთვის ასევე." - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები